ოპოზიცია TV "პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს.
მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს.
„ძალიან ეჩქარება ივანიშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს დამოუკიდებელი ტელევიზიები ჩვენს ქვეყანაში, ის ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს არის ინსტრუმენტულად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებს. ხოშტარიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიების გაჩუმების მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაქცია.
"მედიის ჩახშობას, ადამიანების რეპრესიებს, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების პროტესტი რაც უფრო გამოაცლის ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ხელიდან,“- ამბობს ელენე ხოშტარია.