შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019
ახალციხის N1, ვალის N1, ბორჯომის N3, წაღვერის, ტაძრისისა და სოფელ არლის საჯარო სკოლები იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა, რომლებიც განათლების სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთო. „ახალი სკოლის მოდელი“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ დაწყებით I-IV კლასებს მოიცავს და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.მოდელის დანერგვისთვის თითოეულ სკოლაში იმუშავებს ოთხკაციანი ჯგუფი: -ლიდერობის განვითარების ექსპერტი;-კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი;-კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის ასისტენტი;-ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით.ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრი, კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტია პედაგოგი მაკა ჯანაშვილი. ისევე, როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ისიც პროექტში კონკურსის წესით შეირჩა, შემდეგ კი სპეციალური გადამზადება გაიარა: „ნოვატორული იდეების განსახორციელებლად ძალიან კარგი პროგრამაა. ჩვენი ოთხკაციანი ჯგუფი ოქტომბრიდან დავიწყებთ სკოლაში მუშაობას. ექსპერტები მასწავლებლის საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა მათ დავეხმარებით, გარკვეული მიმართულების მიცემაში, რომ შეძლონ და ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილონ“.„ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. „ახალი სკოლის მოდელი“ დაზეპირების პრინციპიდან, ცოდნის გამოყენების პრინციპით მუშაობას გულისხმობს. „ხატოვან შედარებას თუ მივმართავთ ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: გვაქვს ამოცანა, რომ უნდა ჩავიდეთ ახალციხიდან თბილისში. აქამდე, დეკლარირებული, დაზეპირების პრინციპის მიხედვით, აწვდიდი ბავშვს ჩასავლელად რა გზა არსებობს და რომ ავტობუსი გადის ამა და ამ საათზე, ამ სადგურში უნდა მიხვიდე და ისე ჩახვიდე ადგილზე. ეს მათ ფანტაზიასაც და იდეებსაც ძალიან ზღუდავდა. მაგრამ ახლა გვაქვს იგივე ამოცანა, რომ უნდა ჩახვიდე თბილისში, თუმცა პირობას აძლევ, რომ სამ საათში როგორღაც მოხვდეს ახალციხიდან თბილისში. რა გზას გამოიყენებს ჩასასვლელად, უკვე თავისი გადასაწყვეტია. ეს გზები თვითონ უნდა მოიძიოს“, - ამბობს მაკა ჯანაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ასეთი მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარება გადამზადებულ ექსპერტთა ჯგუფი მასწავლებელს. რატომ გახდა საჭირო „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ პროექტის კიდევ ერთი ექსპერტი, თიკო ლობჟანიძე საუბრობს. იგი ჩართული იყო ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მასშტაბურ კვლევაში, რომელიც სკოლებში სწავლების ხარისხის შემოწმებას ითვალისწინებდა. დეპარტამენტმა გამოიკვლია, რამდენად სრულყოფილად სრულდებოდა სტანდარტი, რომელიც 2005-2016 წლებში მუშაობდა“.„კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სტანდარტი სასკოლო ცხოვრებაში ისე ვერ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო, ამიტომ დაიწყო მუშაობა ახალი სტანდარტისთვის. თუკი აქამდე სასწავლო გარემო ორიენტირებული იყო უნარების განვითარებაზე, ამიერიდან ცნებათა ათვისებაზე იქნება. ცნება უკვე სააზროვნო ინსტრუმენტია და მათი ათვისება იქნება მნიშვნელოვანი. მხარდამჭერი ჯგუფები სკოლებს სწორედ ამ სტანდარტის გონივრულ დაგეგმვაში მოეხმარებიან“, - ამბობს პედაგოგი თიკო ლობჟანიძე. სწავლების ახალი მოდელი, პირველ ეტაპზე, 50 საპილოტე სკოლაში დაიგეგმა. ოქტომბრიდან, მეორე ეტაპი დაიწყება, სადაც 100 სკოლა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც ჩაერთვება. პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებით კლასებს მოიცავს, სამომავლოდ კი მაღალ კლასებშიც დაიგეგმება. „კვლევებმა აჩვენა, რომ აქამდე, ძირითადად, საგანმანათლებლო პროცესი ორიენტირებული იყო დეკლარატიულ ცოდნაზე ანუ მხოლოდ დამახსოვრებაზე, საკლასო ოთახის მიღმა კი, ბავშვი ამ ცოდნას ვეღარ იყენებდა. თუმცა მნიშვნელოვანია ის პროცედურები, რომლებსაც ბავშვი ცოდნათა შეძენისას გაივლის: როგორ აკეთებს ამა თუ იმ დავალებას, როგორ ართმევს თავს - ეს ყველაფერი კომპლექსურ მუშაობაში აისახება“, - ამბობს ლონჟანიძე.ახალი მოდელის ერთ-ერთი მიზანი სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ჩართვაცაა. ამისათვის სკოლებში ტექნოლოგიების ექსპერტები იმუშავებენ.პროექტში ჩართვისთვის, ქვეყნის მასშტაბით ისეთი სკოლები შეირჩა, სადაც შესაბამისი რესურსი იყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში მონაწილე სკოლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხარდამჭერთა ჯგუფები მუშობას ოქტომბერში დაიწყებენ და სამი თვის განმავლობაში დარჩებიან - „იმ კურიკულუმის შედგენასა და დანერგვაში მივეხმარებით მასწავლებლებს, რომლებსაც ისინი დანერგავენ საგაკვეთილო პროცესში და შემდეგ უკვე დავინახავთ სჭირდება თუ არა მოდიფიცირება ამ კურიკულუმს“.პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.ამავე თემაზე ნახეთ გადაცემა „საფეხური“[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია