საითაც არ უნდა გაიხედოთ, ოზურგეთში ყველგან მწყობრად მოსეირნე ძაღლებს შეხვდებით.
სალონების შესასვლელში, მაღაზიებთან, პარკში-ყველგან ქუჩის მაწანწალა ძაღლები არიან, ხშირად აგრესიულები.
ბოლო თვეებში ოზურგეთში არა ერთი შმთხვევა მოხდა, როცა ქუჩის ძაღლები თავს დაესხნენ ფეხით მოსიარულეებს. ბოლო შემთხვევა გასული თვის ბოლოს მოხდა, როცა საშუალო ასაკის მამაკაცი ბაზრის შესასვლელში ისე დაკბინეს, რომ მას საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
მოკლედ, ეს პრობლემა ოზურგეთის არახალია, მაგრამ, ის, რაც ბოლო დროს ხდება, შეიძლება ითქვას, რომ მიტოვებულმა ოთხბეხა მეგობრების რაოდენობამ, ყველა დროის რეკორდი მოხსნა. მერია და შესაბამისი სამსახურები კი, ჯერ ჯერობით აღნიშნული პრობლემის მოგვარების კუთხით უძლურები გამოდგნენ, მიუხედავად დიდი დაპირებებისა:
"ოზურგეთში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი აშენდება, მანამდე კი მაწანწალა ძაღლებს, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიურად უქმნიან პრობლემებს, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიებს მოვაშორებთ"-ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის ვიცე მერმა, ალეკო სურგულაძემ დაახლოებით 3 თვის წინ განუცხადა, როცა 76 წლის პედაგოგი ქალბატონი მაწანწალა ძაღლმა დაკბინა.
რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლთა დროებით თავშესაფარს, რომლსაც გოგი მაღლაფერიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვერც ერთ ეტაპზე პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ოზურგეთში ამ მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება და როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ძაღლებს არც დროებითი და არც ხანგრძლივი მოვლა-პატრობის არაფერი ეტყობათ, განსხვავებით მათი "შეფისგან", რომელიც ყოველწლიურად უფრო ძვირად ღირებულ ავტონქანასთან ერთად, ბინების ყიდვასაც უპრობლემოდ ახერხებს.