შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როდესაც ერთი მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მასზე"...

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019
მოსახლეობის თუნდაც მცირე პროცენტი, თუკი კვლავ მისტირის საბჭოთა კავშირს, ეს არის არა ამ ადამიანების განვითარების ან, როგორც შეურაცხყოფენ, განათლების ბრალი, არამედ იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც თავად ვერ გაურკვევიათ რა არის ევროპული ღირებულებები და სისტემური ცვლილებებისთვის არაფერს აკეთებენ.

იმ ადამიანებს, რომლებმაც პოლიტიკა მხოლოდ შემოსავლის წყაროს ძიებად გადააქციეს, ვკითხავდი: რა არის დღეს იმის საპირწონე, რომ ხალხი არის მშიერი, უღატაკესი და დამცირებული?!

ჩვენმა ხალხმა დღემდე არ იცის რა არის განსხვავება საბჭოთა მიდგომებსა და ევროპულღირებულებებს შორის. იცის მხოლოდ ის, რომ მშიერი მაინც არ იყო საბჭოთა დროს ან, როგორ ეკეთებინა ფული. ახლა, ეს წყაროც აღარ აქვს და დარჩა სრული ქაოსი სიღატაკესთან ერთად.

კატეგორიულად არ ვიღებ მოსაზრებას, რომ 28 წელი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ცოტა დროა. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, ჩვენ რომ წარსული შეგვეფასებინა და პრობლემების სიმძიმე გაგვეანალიზებინა. რაც დღემდე არ ხდება. დღეს კი 28 წელი არის ძალიან ბევრი იმისთვის, რაც ანტისახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად მივიღეთ,

ჯერ ერთი, პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის ძიების წყაროდ გადააქციეს. და, მთავარი - ვერ ნახავთ პოლიტიკაში ადამიანებს, რომლებზეც იტყვით, რომ ის სახელმწიფო მოღვაწეა თავისი თვალთახედვით, თავისი შრომით, პატიოსნებით, დიაპაზონით.

ამიტომ რაც ხდება "ზევით" და მე სულ ვამბობ, რომ სახელმწიფოს მშენებლობა იწყება ზევიდან, იგივე საბჭოთა მიდგომებია "ქვემოთ" ქვეყნის არაერთ სტრუქტურაში.

მთელი ჩემი ბლოგები მიმართულია იქითკენ, თუ რა ძირეული განსხვავებაა ამ ორ სისტემას შორის და რა უნდა შეიცვალოს შეძლებისდაგვარად. მერწმუნეთ, როდესაც ჩვენი ერთი მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მასზე, რას ნიშნავს ერთი, კონკრეტული ინდივიდი იყოს ღირებული და ფასეული, რას ნიშნავს სისტემა ემსახურებოდეს მას, აღარასოდეს გაახსენდება საბჭოთა დრო.

დღეს რამდენიმე ფაქტს შევადარებ ერთმანეთს და გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ, ერთობ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში.

1-ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას ყველა სტრუქტურაში საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე... ეს არის საბჭოთა სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად.

ევროპული მიდგომები სწორედ პირიქითაა: ურჩევნიათ გამჭვირვალე სისტემა ყველა სტრუქტურაში, სადაც ნაკლები საშიშროებაა გარე ძალების ზემოქმედებისა, კორუფციული ზემოქმედებისა, მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლებისა, არასწორი მომსახურებისა და ასე შემდეგ.

2-საბჭოთა ადამიანებმა არ იციან დაგეგმვა. ყველაფერს სპონტანურად წყვეტენ.

ევროპელების უპირველესი თვისებაა გათვლა და დაგეგმვა. ეს გარანტიას არ გაძლევს, რომ მაინცდამაინც ყველაფერი უზუსტესი იყოს, მაგრამ სპონტანური და გაუაზრებელი ქმედებები მეტ დანაკარგთან ან მარცხთან არის დაკავშირებული.

3-საბჭოური მენტალიტეტის ადამიანებს ჰგონიათ, რომ კეთილმეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორი მონურ ქედმოხრას გულისხმობს. ეს საკითხები წესით სათითაოდ გასაშლელია, რათა დაგანახოთ რამდენ რამეში ცდება ხელისუფლება თავისი მოძველებული მენტალიტეტით, მაგრამ აქ მოკლედ გეტყვით, ტიპური ევროპელი მართლა, რომ საცოდავი იყოთ და დახმარება გჭირდებოდეთ, თავის შეცოდების ფაქტორს ვერ იტანს. საკუთარზე წინ სხვისი პოზიციის დაყენებას ასევე ვერ იტანს და ასეთ შემთხვევაში ის თავის თანაბრად და მეგობრად არასოდეს გაღიარებთ.

4-ქართველები ზუსტად ისეთივე გულისყურით უნდა ვაკეთებდეთ წვრილმან საქმეებს, როგორც მსხვილს. ვფიქრობ, წვრილმანი საქმეების მოგვარებაზე დგას მთავარი გარდატეხა. ქვეყნის სათავეში მოსვლის მსურველთა უმრავლესობა კი იწყებს აფხაზეთის დაბრუნების დაპირებით. როგორ დამიბრუნებ აფხაზეთს, თუ არ იცი როგორ მოექცე შენს მოქალაქეს, შენს გვერდით მყოფს?!

ევროპულ ცხოვრებაში რაც თვალში საცემია არის ის, რომ პატარა საქმეებს ისეთივე სერიოზულობით აკეთებენ, როგორც დიდ საქმეებს.

5-ჰოდა, ეხლა გადავალ ჩვენი ხელისუფლებისთვის პატარა საქმეებზე, რამდენად დიდი განსხვავებაა ამ ორ სისტემას შორის. გაჭირვებული ადამიანი ყველას სთხოვს დახმარებას სახელმწიფოს გარდა, ხელისუფლება კი მანამ არ წუხდება, ვიდრე ტელევიზიით არ გაშუქდება ესა თუ ის პრობლემა. ამას ცალკე ბლოგს მივუძღვნიდი რამდენჯერ გაწუხებს ხელისუფლება ევროპაში, თუნდაც ჩასულ ადამიანს თუკი რამე კვლევაა, ან გეკუთვნის, ან უნდა გააკეთო და როგორც ერთისთვის ისე ყველასთვის ერთია კანონი. ადამიანები საერთოდ არ ეძებენ გზას ტელევიზიისკენ, რომ მათი პრობლემა ვინმემ ოდესმე გაიგოს და ყურადღება მიაქციოს. ჩვენთან კი სამწუხაროდ დარჩა საბჭოთა მენტალიტეტი ბიძაშვილს ენდობი, მაგრამ ხელისუფლებას არა!

6-თქვენთვის ეს თუ წვრილმანია არ ვიცი, მაგრამ არაერთხელ დავწერე რამდენად მნიშვნელოვანია მომსახურების გაუმჯობესება. ყურადსაღებია, რომ გამყიდველი მომხმარებელს არ ატყუებს და თუ ასე მოხდა, ბოდიშს უხდის და კომპენსირებას ცდილობს.

ჩვენთან ვერ ნახავ გამყიდველს, რომელიც არა თუ არ გატყუებს მხოლოდ, არამედ არ გემსახურება შესაბამისად და როგორც საბჭოთა დროს იცოდნენ, თუ რამეს ჰკითხავ აუცილებლად უნდა დაგცინონ, ზემოდან დაგხედონ.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ვწერ საბჭოთა მიდგომაა: სისტემა იმსახურებდეს, აბუჩად იგდებდეს და "საკუთარ თავზე ივლებდეს" მომხმარებელს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი არაფრად ღირდეს!

ევროპული მიდგომაა: სისტემა თავად ემსახურებოდეს მომხმარებელს, უქმნიდეს მაქსიმალურ პირობებს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი ყველაფრად ღირდეს!

7-უბრალოდ გზების დაგების ამბავი, რომ აიღოთ მახსოვს ჩემს ქუჩაზე "რადფორდ როუდზე" რაღაც გაფუჭდა და ამის გამო უნდა გაეკეთებინათ. ასჯერ მაინც მომიხადა კომპანიამ ბოდიში, რომ დღენახევარი შეფერხება იქნებოდა. ჩვენთან ბევრ ადგილას არის გასაკეთებელი გზები, მაგრამ დასრულების თარიღი აწერია, მაგალითად 10 აგვისტო და დღესაც მიდის სამუშაოები.

რადგან აქ თანხის კეთებაზეა პარალელურად გათვლილი და იმ უაზრო პიარზე, რომელიც საერთოდ არ ადარდებს მოქალაქეს.

8-უბრალოდ ხმაურის შესახებ, რომ აიღოთ კანონი, ჩვენთან ვერადა ვერ მიეჩვია მოსახლეობა, რომ დარღვევის შემთხვევაში დარეკოს და მოსთხოვოს შესაბამის სამსახურს. განვითარებულ ქვეყნებში თუნდაც ერთი ღამის გათენებას ხმაურის გამო, იმისთვის, რომ მეზობელია არავინ გაპატიებთ. რადგან, უძილობისა და გადაღლილობის გამო შესაძლოა მეორე დღეს შემთხვევით სამსახური გადაწვას, ან სრული ხელფასი დაკარგოს.

ეს ერთი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არავინ გაპატიებთ. მეზობელი, მეგობარი თუ ნათესავი თავის ადგილზეა და არაფერ შუაშია მათთან ხათრი იმ დროს როცა კანონი სხვა რამეს გეუბნება. ტიპიური საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინებაა,- ახლობელია და არაფერი ვთქვა. ის კი მადლიერიც არ იყოს.

ამ ფაქტებზე წერას აუცილებლად გავაგრძელებ. საბჭოთა მიდგომები უნდა მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში, თუ გვინდა რომ განვითარებული ქვეყნების სიაში მოვხვდეთ და არა იაფად ვიფრინოთ ევროპაში! აზროვნების უნარი უნდა დავიბრუნოთ და არა ვიბუქსაოთ მუდმივი მიტინგის, ერთმანეთის დაჭმის, კორუფციის, არასახელმწიფოებრივად აზროვნების სიტუაციაში.

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია