შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფიონა ჰილი: საქართველოს ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2019

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ილაპარაკა კონგრესში, საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე საუბრისას ჰილმა გაიხსენა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი: „2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს“.

ფიონა ჰილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას სურდათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და მათ რუსეთი ღიად ემუქრებოდა, რომ თუ ნატოს წევრობის მოთხოვნას გააგრძელებდნენ, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

„საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა - და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, - რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ“, - თქვა ფიონა ჰილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დასავლეთის გამოცდას: "ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, თავს დაესხა. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა“.

ფიონა ჰილი კონგრესის წარმომადგელთა პალატაში ხუთშაბათს გამოკითხეს დემოკრატების მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში. მისი მიზანია დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა დახმარება უკრაინას, რომლისგანაც პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია