ფილმის კონსულტანტი და იდეის ავტორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი მიხეილ ბერინაშვილი.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, დოკუმენტური ფილმი 33 წუთიანია და ეხება საბჭოთა რეპრესიებს და რეპრესირებული თელაველების ისტორიას.
,,ფილმი გადაღებულია ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტური მასალების, აგრეთვე თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული დოკუმენტების და ზაირა ასენიშვილის რომანის ,,ვა სოფელო- კახური ქრონიკების“ და სხვა მასალების მიხედვით.
მოძიებული გვაქვს თელავში არსებული ადგილი, გიგოს გორა, სადაც მაშინ ადამიანებს ხვრეტდნენ. იმ ადგილიდან ამოღებულია ტყვიის გულები. ფილმი აგებულია დოკუმენტურ მასალებზე, სადაც ნაკლებად გამოვიტანეთ სააშკარაოზე დოკუმენტები. თითოეული სიუჟეტის უკან, რომელიც ჩადებულია ფილმში, დგას ასეულობით საარქივო მასალა. სიუჟეტი დაყოფილია რამდენიმე ისტორიად, რომელიც გადმოსცემს რეპრესირებული და დახვრეტილი თელაველების ისტორიას’’,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.
მისივე თქმით, ფილმის ნახვის შემდგომ თელაველები ,,გიგოს გორის” და ე.წ. პოლიტბიუროს შენობის დაცვას და მემორიალური მუზეუმის და პარკის გახსნას ითხოვენ.
,,ჩვენ გიგოს გორის სახით გვაქვს ადგილი, სადაც რეპრესირებულ და უდანაშაულო ადამიანებს ხვრეტდნენ. მეორე ადგილი, სადაც ხალხს ხვრეტდნენ, არის თელავში არსებული პოლიტბიუროს შენობა, სადაც ჩეკას ადგილობრივი პოლიციის განყოფილება იყო. ეს თავად ჯანდიერების სახლია, რომელიც ნაგებია იმ პერიოდის ეპოქისთვის დამახასიათებელი ბუხრებით, დიდი თაღებით და საკნებით. ეს ყველაფერი გისოსები, წარწერები და საკნები შემორჩენილია პირვანდელი სახით. ასევე ნატყვიარები, რომელიც აჩვენებს რომ აქ ხვრეტდნენ ხალხს.
გიგოს გორა გარკვეულწილად უნდა იქცეს ჩვენთვის იმ ადგილად, რომელიც კომუნისტური საბჭოთა მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.
გავამზადეთ განცხადება თელავის მერის სახელზე, სადაც საუბარი არის რომ გიგოს გორაზე აუცილებელია გაშენდეს რეპრესირებულთა პარკი. ასეთი ადგილები საქართველოში არ გვაქვს. ამავე განცხადებაში წერია, რომ კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდონ მაშინდელი ,,პოლიტბიუროს’’ შენობა, სადაც მოეწყობა რეპრესირებულთა მუზეუმი.
ათასობით დოკუმენტი მაქვს, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებამ ნახოს. ეს იქნება ადგილი, სადაც შეიძლება სხვადახვა ღონისძიება ჩატარდეს. გარდა ამისა, შეგვიძლია ეს ტურისტულ მარშრუტშიც ჩავსვათ’’, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.