გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Die Welt: ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე იზრდება, აზერბაიჯანი კი იზოლაციიდან გამოდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2019

https://commersant.ge/

2019 წლის ბოლომდე 4 ახალი გაზსადენი შევა ექსპლუატაციაში, რომელიც აზიასა და ევროპაში გაზის მიწოდების სისტემას მნიშვნელოვნად შეცვლის.დღეს მსოფლიოში, ენერგიის განახლებადი წყაროების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. თუმცა, ამ დისკუსიებში ბუნებრივი გაზი, რომლის მოხმარებაც ყოველწლიურად იზრდება, ყველას დაავიწყდა. მისი სისუფთავის მიუხედავად, მაინც შორსაა ეკოლოგიურად სტერილური მომავლისგან. 

ბოლო პერიოდში გაზმა ისევ შეახსენა თავი ყველას - ჯერ თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში, შემდეგ კი ჩინეთში. ყველა ამ ქვეყანაში ახალი გაზსადენები შევიდა ექსპლუატაციაში. ეს ახალი მარშრუტები გაზის მიწოდების სქემებს შეცვლიან და ბარზებზე რუსული და აზერბაიჯანული საწვავის დამატებითი რაოდენობა გამოჩნდება. 

ეს ახალი ინფრასტრუქტურა ნათლად ადასტურებს, რომ უახლოესი წლების მანძილზე  ბუნებრივი გაზი გლობალურ ეკონომიკაში განსაკუთრებულ ადგილს შეინარჩუნებს, რადგანაც ის დღეისთვის არსებულ საწვავებს შორის ყველაზე სუფთაა. აშკარაა ისიც,  რომ ალტერნატიულ ენერგეტიკის სწრაფი ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა ტრადიციულ წიაღისეულ საწვავზე მაინც შენარჩუნდება. 

ამ მხრივ პირველები აზერბაიჯანი და თურქეთი იყვნენ. ორი ქვეყნის მეთაური, შაბათს, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარს ესტუმრა, სადაც პირველად ისტორიაში კასპიური გაზი ტრანსადრიატიკურ გაზსადენში ჩაიტუმბა, რომელიც ალბანეთის, იტალიის და დასავლეთ ევროპის მიმართულებით გავიდა.

გაზსადენის სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ, ევროპა მისი მეშვეობით 10 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპის მოხმარების მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ამ მოვლენას მაინც მოუთმენლად ელოდნენ. ეს მილსადენი  ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე ცოტათი მაინც შეამცირებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი გამტარუნარიანობა შედარებით სწრაფად გაორმაგდეს, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას,  გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის გამო სურს. 

აზერბაიჯანი ინფრასტრუქტურული საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის, თურქეთიც კმაყოფილია, რადგან როგორც სატრანზიტო ქვეყანა დამატებით მოგებას მიიღებს, ასევე  თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც გაზრდის. 

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ  დაიგეგმა, მაშინ გაზსადენ „ნაბუკოს“ მშენებლობის პროექტი აქტიურად განიხილებოდა, თუმცა, ევროპელები და კასპიის რეგიონის გაზის მომპოვებელი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქმე საკუთარ ხელში აიღეს და ტრანსანატოლიური გაზსადენი ააშენეს. შესაბამისად,სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ამუშავდა და აზერბაიჯანული გაზი ევროპაში გაეშვა.

კონკურენტი პროექტი რუსეთს არ ესიამოვნა. მოსკოვისთვის თურქეთი მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ტრანზიტორი, არამედ მყიდველი ქვეყანა, თავისი 80 მილიონიონი მოსახლეობით და საკუთარი ბუნებრივი რესურსის დეფიციტით. ბოლო დრომდე, გერმანიის შემდეგ, სწორედ თურქეთი იყო რუსული გაზის მეორე უმსხვილესი მყიდველი (2018 წელს თურქეთმა 24 მლრდ. კუბური მეტრი რუსული გაზი შეიძინა).

თუმცა, ანკარა მოსკოვთან აქტიურად მუშაობს.  2015 წელს „გაზპრომის“ ახალი მილსადენის „თურქული ნაკადი“-ს მშენებლობის თაობაზე შეთანხმება შედგა. ერთი თვის შემდეგ კი ამ მარშრუტის პირველი განშტოება ექსპლუატაციაში შევა. ეს დაეხმარება რუსეთის უკრაინული ტრანზიტის ჯერ შემცირებაში, მომავალში კი სრულ შეწყვეტაში. ყირიმის ანექსიის და დონბასზე გაჩაღებული ჰიბრიდული ომის გამო, ეს ფაქტი კრემლისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ საკითხსაც წარმოადგენს. 

თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რუსეთი ცდილობს შავ და ბალტიის ზღვაში ახალი გაზსადენების აშენებას, მაგრამ საკითხავია - დათანხმდება თუ არა ამას ევროკავშირი. 

როგორც უკვე ითქვა, „გაზრპომი“ უკრაინის ტრანზიტის გარეშე დატოვებას გეგმავს, რაც ევროპელებს არ მოსწონთ, ამიტომაც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა გაიწელა. თუმცა, ამ დროისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა გავლილია და ყველა საჭირო ნებართვა მიღებულია. 2020 წელს ახალი გაზსადენი ამუშავდება, რომელიც  ევროპას დამატებით 55 მლრდ. კუბური მეტრი გაზით მოამარაგებს. თუ რა თქმა უნდა, აშშ-მ ევროპული ენერგოკონცერნების წინააღმდეგ მძლავრი სანქციების შემოღება არ გადაწყვიტა და თუ ისინი ამ მილსადენით მიწოდებული გაზის მიღებას მოისურვებენ. 

ვაშინგტონი ხშირად იმუქრება ამით, ოფიციალურად - რუსებისგან ევროპის დასაცავად, რეალურად კი - საკუთარი თხევადი გაზის ევროპულ ბაზარზე გატანისთვის. ყოველ შემთხვევაში, რუსები დარწმუნებულები არიან, რომ შესაძლო სანქციების მიზანი გზიდან კონკურენტების ჩამოცილებაა. 

ევროკავშირი თავადაც ქმნის პირობებს კონკურენციისთვის - თხევადი გაზის მიღების ტერმინალები ყველგან აშენდა. თუმცა, ბოლო წლებში ეს ინფრასტრუქტურა თითქმის არ გამოიყენება. 

ბოლო წლებში ბევრი რამ იცვლება. გაზის ფასის, ისევე როგორც ევროპის მოხმარების დონის პროგნოზირება - რთულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპაში გაზის მოხმარება შემცირდება, იმპორტი მაინც გაიზრდება, რადგანაც საკუთარი გაზის მოპოვება კონტინენტზე მუდმივად მცირდება. 

ცალსახაა, რომ რუსეთს, და მის ყველაზე მსხვილ გადასახადების გადამხდელს „გაზპრომს“ ჰაერივით სჭირდება ევროპა, რადგან კონცერნი ყველაზე დიდ მოგებას სწორედ იქ იღებს. ამიტომაც რუსეთის დამოკიდებულება ევროპაზე არანაკლებია, ვიდრე ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა, ისევე, როგორც ევროპა ცდილობს გაზის მიღების წყაროების დივერსიფიცირებას, ასევე რუსეთი ცდილობს ახალი კლიენტების მოზიდვას. 

პირველად ისტორიაში „გაზპრომი“ ჩინურ ბაზარზე გადის. დეკემბერში  მილსადენი „ციმბირის ძალა“ ამუშავდება, რომელიც ჩინეთს გაზით მოამარაგებს. თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ამ პროექტს, მსოფლიოში უმსხვილესი მშენებლობა უწოდა. პარალელურად  გაზის მოპოვების და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონების გაზის მომარაგების ინფრასტრუქტურა შეიქმნა. 

ჩინელებთან რუსების გარიგება დიდწილად დასავლურ სანქციებთან იყო დაკავშირებული. აქამდე კი პეკინი და მოსკოვი 10 წლის მანძილზე ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა, უშედეგოდ. 

2014 წელს პეკინმა მოსკოვის სისუსტით ისარგებლა და 30-წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი - საუბარია წელიწადში 38 მლრდ. კუბური მეტრის გაზის მიწოდებაზე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 400 მლრდ. დოლარს შეადგენს. 

„გაზპრომს“ ამ პროექტის დასაფინანსებლად, საკუთარ ჯიბეში ხელის ჩაყოფა მოუწია, თანაც, გაურკვეველია, რამდენად მომგებიანია „ციმბირის ძალა“, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩინეთი გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე ევროპა. 

თუმცა, ასეა თუ ისე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აზრით, რუსული გაზის ექსპორტი ჩინეთში ყველა შემთხვევაში გაიზრდება, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26%-ით გაიზრდება და 290 მლრდ. კუბურ მეტრს მიაღწევს. 2040 წლისთვის კი სავარაუდოდ, რუსეთი  ჩინეთს 336 მლრდ. კუბურ მეტრს გაზს მიაწვდის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია