27 ნოემბერს იმედის პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა IRI-ისა და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ კონგრესსა და აშშ-ს პრეზიდენტს ღია წერილითაც მიმართავს, რადგან ეს ამერიკული ორგანიზაციები თავად აშშ-ს ინტერესებსაც აზიანებენ. ივანიშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია ცრუობენ და რეალურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტები არიან.
ერთი კვირით ადრე, 18 ნოემბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 31% ნაწილობრივ, ხოლო 47% სრულად ეთანხმება პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ამასთან, შეკითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მოსახლეობის მხოლოდ 23%-მა დაასახელა. IRI-ს კვლევის გამოქვეყნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეტევა განახლდა. 26 ნოემბერს ტელეკომპანია იმედმა ე.წ. გერმანულ მოდელს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაცემაც მიუძღვნა, რომელშიც დასვა ინტერაქტივის შეკითხვა “როგორ აფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში?” გადაცემის წამყვანებმა და სტუმრებმა NGO-ების მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენეს და ისინი პოლიტიკურ პოზიციონერობაში დაადანაშაულეს.
იმავე ნარატივს IRI-ს და NDI-ს კვლევების შესახებ პერიოდულად იმეორებდნენ სახელისუფლებო აქტორები და პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსი”.
ბიძინა ივანიშვილი, პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე: ნაცების მიერ მართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს... სამწუხარო რეალობაა და იგივე ხდება NDI და IRI-ის კვლევებში… წლების განმავლობაში გრძელდება ეს. ქვეყნდება რეიტინგები, ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ღიმილით ხვდებიან ამ კვლევის შედეგებს და ეს სამწუხარო რეალობაა.”
ვაკა გორგილაძე, არენას წამყვანი: “არის აირაი, არის ენდიაი და არის ქართული ოცნება, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორუმის, სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეების, სხვადასხვა საერთშორისო დელეგაციების შეფასებებით, თანმიმდევრული, პრინციპული, პროდასავლური პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკური ძალა ამას ყველა აღიარებს და ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რო აი ეს სხვადასხვა ინსტიტუტები, რაც დესტრუქციით არიან დაკავებულები საქართველოში და რაც მთავარია, ამავე დროს ეს ორგანიზაციები მტრულად არიან განწყობილები დონალდ ტრამპის მიმართ.”
ავთო ენუქიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “7 წლის წინ, საერთოდ უნდა გაგეყინათ ყველა ანგარიშები გარედან დაფინანსებული NGO-ების, რომელიც პოლიტიკაში ერევა. პეპლებზე, ზოოლოგიაზე ილაპარაკოს რამდენიც უნდა, ჩემ პოლიტიკაში ნუ ერევა ვიღაცის დაფინანსებული. აქედან დაფინანსდეს. აი ეს უნდა გექნათ, უნდა დასასჯელი დაგესაჯათ.”
გიგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ჩემის აზრით ბატონო გია [არეშიძე], აქ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ზეწოლას ააქ ადგილს საზოგადოებაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში. სამწუხაროდ ამ ჩარევებში ძალიან დიდ როლს და პირდაპირ, აღარ შეილება აქ შელამაზებით ლაპარაკი, უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიის ინსტიტუტი, დემოკრატების ინსტიტუტი - NDI და IRI.”
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. გასულ წელს 13 ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელიტური კორუფციისა და სასამართლოს კლანური მმართველობის შესახებ ირაკლი კობახიძემ 13 კაცისა და ქალის აზრი უწოდა, რასაც ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა და ისინი “ნაციონალური მოძრაობის აქტივად” მოიხსენია.
“მითების დეტექტორი” გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ კანონებსა და შეზღუდვებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ავტორიტარული სახელმწიფოები ებრძვიან.
რუსეთი - 2012 წლის ივლისში რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს. ამას გარდა, უცხო ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთის 2016 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში არასასურველად არიან მიჩნეულნი. დოკუმენტის მიხედვით, მათი ქმედება მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისკენ, რაც ასევე გულისხმობს "ფერადი რევოლუციების" ინსპირაციას და რუსეთის “ტრადიციული სულიერი ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას”. კანონის შესაბამისად 2015 წელს რუსეთის პროკურატურის გენერალურმა ოფისმა “არასასურველად” მიიჩნია ფონდი ღია საზოგადოება, ხოლო 2016 წელს “არასასურველთა” სიაში ჯერ თავად მაკკეინი შემდეგ კი IRI-ც მოხვდა.
2009 წლის ივლისში ჩეჩნეთში საკუთარი სახლის წინ გაიტაცეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე რუსული ორგანიზაცია “მემორიალის” მკვლევარი ნატალია ესთემიროვა. ესთემიროვა მოგვიანებით ინგუშეთში მოკლული იპოვნეს, რისთვისაც არავინ დასჯილა.
2016 წლის 3 მარტს “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” ორ წევრს ჩრდილოეთ კავკასიაში მონიტორინგის მისიის დროს ბეისბოლის ჯოხით ნიღბიანი მამამაკაცები დაეხსნენ თავს. მოგვიანებით კი მათი მისიის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. ერთი კვირის შემდეგ გროზნოში ასევე თავს დაესხნენ კომიტეტის ხელმძღვანელს იგორ კალიაპინს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მათ ჩადენილი დანაშაულებების გამო არავინ დაუკავებიათ.
ბანგლადეში - უცხოური შემოწირულობების შესახებ ბანგლადეშის 2016 წლის კანონის მიხედვით, სახელმწიფო კონტროლს აწესებს საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე. კანონის თანახმად, ამგვარი გაერთიანებები უნდა დარეგისტრირდნენ NGO-ს საქმეთა ბიუროში, რომელიც პრემიერ მინისტრის ოფისს ექვემდებარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანგლადეშში 2018 წლის არჩევნების წინ ახალი ამბების 54 საიტი დაბლოკა. ცნობილია ასევე ფოტოჟურნალისტისა და აქტივისტის შაჰიდულ ალამის შემთხვევა, რომელიც მცდარი და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების მიზეზით მშვიდობიანი სტუდენტური პროტესტის შესახებ გაცემული ინტერვიუს შემდეგ დააკავეს.
პაკისტანი - 2017 წელს პაკისტანის მთავრობამ 29 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების მოთხოვნაზე უარი უთხრა და 60 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი 2016 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია (Taangh Wasaib Organisation (TWO), რომლის 8 თანამშრომელი პოლიციამ დააკავა.
საუდის არაბეთი - თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ რომელიმე ახალი ორგანიზაციის არსებობა ხელს უშლის “ეროვნულ მთლიანობას,” შესაძლებელია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობის უფლება არ მისცეს. 2018 წლის მაისის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების 22 აქტივისტი ქალი დააპატიმრეს. Amnesty International-ის მიხედვით, მათგან რამდენიმე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა სახელმწიფო ბრალდებას უარყოფს. 2018 წლის იანვარში მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის დროს დააკავეს ადამიანის უფლებების დამცველი ქალი ისრა ალ-გომგამი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ბელარუსი - 2011 წლიდან მოქმედი კანონით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება მკაცრად შეზღუდულია, ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება ანგარიში იქონიონ უცხოურ ბანკში და საზღვარგარეთიდან დონორების მიერ გადმორიცხული ყველა თანხა პირველ რიგში ხელისუფლების მიერ უნდა იყოს გადამოწმებული და დადასტურებული. წნეხის ქვეშ იმყოფებიან ჟურნალისტები და აქტივისტები, 2017 წლის მარტის მასობრივი გამოსვლების დროს დაკავებულ აქტივისტს, პალინა შერნადა-პანასიუკს, პროტესტისას გამოყენებული კრიტიკული პლაკატის გამო (“ლუკაშენკა, შეწყვიტე ხალხის ძარცვა!”) ცილისწამება დასდეს ბრალად.
უგანდა - 2017 წელს უგანდის მთავრობამ დახურა არასამთავრობო ორგანიზაცია Action Aid Uganda-ს ყველა საბანკო ანგარიში, მოგვიანებით კი პოლიცია ამ ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა, დააკავა თანამშრომლები, მტკიცებულებების სახით კი დოკუმენტაცია, ტელეფონები და კომპიუტერები წაიღო.
რუანდა - მთავრობა ერევა NGO-ების საქმიანობაში და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლას ახორციელებს. 2016 წელს ადამიანის უფლებათა დამცველი ეპიმაკ კვოკვო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ქვეყნიდან გააძევეს და არასასურველ ადამიანად გამოცხადეს.
სუდანი - 2006 წლის შემზღუდავი კანონის გამოყენებით, სახელმწიფოს შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციას შეუზღუდოს წვდომა ფინანსებზე ან სხვა რესურსებზე, შეაჩეროს მისი ფუნქციონირება და გამოაცხადოს ის არალეგალურ, ტერორისტულ ორგანიზაციად. ამ კანონს მთავრობა არასასურველი სამოქალაქო აქტივისტების დასაკავებლად ტერორიზმისა და არასახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალდებით იყენებს.
ალჟირი - 2012 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს ასოციაციებსა და ორგანიზაციებს უარი უთხრას რეგისტრაციაზე ან შეზღუდოს მათი მოქმედების არეალი. ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველ ორ წელიწადში რეგისტრაცია თავიდან გაიარონ, თუმცა ორგანიზაციას “ალჟირის ლიგა ადამიანის უფლებებისთვის” და Youth Action Rally-ს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.
ეგვიპტე - 2018 წლის ნოემბერში მთელი ეგვიპტის ტერიტორიაზე მიმდინარე რეიდების შედეგად 18 ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი და იურისტი დააკავეს. 2019 წლის 24 ივლისიდან არასამთავრობო ორგანიაციების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, თუმცა ხელისუფლების სურვილისამებრ მაინც ერევა ორგანიზაციის დამოუკიდებლობასა და ფინანსებში. სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოჟურნალისტი შოუხან ზეიდი 2013 წლიდან პროტესტის გაშუქების გამო სასჯელს იხდის და სასიკვდილო განაჩენის წინაშეც დგას.