შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგაშვილი: "პანდას" მთელ ჩემს რესურსს დავახმარ ცილიმწამებელთა არმიის დასამარცხებლად

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019

"პანდა" თუ შეძლებს შეეჭიდოს ამ სიბინძურეს და დაამარცხებს ცილისმწამებელთა არმიას, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი!" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში "პანდას" ახალ ვიდეოს ეხმაურება და მათ წარმატებებს უსურვებს.

 

"მე თუ რამეში გამოვადგები მთელს ჩემს რესურს და გამოცდილებას დავახმარებ მათ." - წერს გოგაშვილი. 

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, ისინი სარეკლამო კომპანია "პანდასა" და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.

ამის შემდეგ "პანდამ" გუშინ, 22 დეკემბერს ახალი ვიდეო გამოაქვეყნა youtube-ზე, სადაც მედიები არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თუმცა დაადასტურა, რომ მათი კომპანია ფლობს და აქირავებს რესურსებს სოციალურ ქსელში.  

"არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ორი დღეა პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს. ცრუ ლიბერალები ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ "პანდას" დამარხვას," - ამბობენ ვიდეოში, სადაც არცერთი ადამიანის სახე არ ჩანს. 

ხელისუფლების წარმომადგბელები გაუქმებულ გვერდებთან კავშირს უარყოფენ. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სპეკულაციას და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიაში ამხილა.

თალაკვაძეს არ ჰგონია, რომ ფეისბუქის მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდის და პროფილის წაშლა სკანდალია.

Facebook-ის ცნობით, 442 300 ანგარიში მიყვებოდა გაუქმებული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს და, დაახლოებით, 52 000 ანგარიში გაწევრიანებული იყო გაუქმებული ჯგუფებიდან ერთში ან რამდენიმეში და, დაახლოებით, 2 100 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან რამდენიმე გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან. 

რაც შეეხება რეკლამას, ორგანიზაციის ცნობით, $316 000-ია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის. 

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია