„საახალწლოდ 24 თანამშრომელს პრემიას არ გვაძლევენ“- „გურიის მოამბის“ რედაქციას ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ერთე-რთმა თანამშრომელმა დახმარებისთვის მოგვმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასუფთავების სამსახურის 8 ნარჩენების გადასაზიდი მანქანა ემსახურება, თითოეულ მანქანას ერთი მძღოლი და ორი დამხმარე ოპერატორი ჰყავს.სამი მანქანა ქალაქს, სამიც სოფლებს, ორი ურეკს და შეკვეთილს ემსახურება.ჯამში 24 თანამშრომელია და ისინი საახალწლოდ პრემიას ვერ აიღებენ.
„მეეზოვეებს მისცეს მხოლოდ პრემია, ჩვენ მძღოლებს და მათ დამხმარეებს აღარ დაგვირიგეს ამ საახალწლოდ,ძალიან ნაწყენები ვართ,ოჯახები გვაქვს და გვეგონა ბავშვებს რამეს ვუყიდდით.ეს პირველი შემთხვევაა რაც მე ვმუშაობ,ადრე სულ იყო პრემიები და გვიხაროდა კიდეც ძალიან. მეეზოვეებზე ნაკლები დატვირთვა არც ჩვენ გვაქვს.“- გვიყვება დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ოპერატორი, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ფაქტის გადასამოწმებლად „გურიის მოამბე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსს, თენგიზ ქუტიძეს დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად ვერ გასცემდა სამსახური პრემიებს 24 თანამშრომელზე ბიუჯეტის სიმცირის გამო:
„რადგან მეეზოვეებს უფრო რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, პრემიები მხოლოდ მათ გადაეცათ. პრემიის ოდენობამ 100, ხოლო ხელზე ასაღები- 80 ლარი შეადგინა. მე ძალიან მინდა დავურიგო,მაგრამ ბიუჯეტი არ გვყოფნის,ეკონომია კი გავაკეთეთ რაღაცეებზე,მაგრამ მაინც არ დაგვრჩა ფული.“- განაცხადა ქუტიძემ.
სანამ ეს წერილი მომზადდებოდა, „გურიის მოამბის“ რედაქციას, ბატონი თენგიზი დაგვიკავშირდა და გვითხრა რომ, ბუღალტერთან გადის კონსულტაციებს და აუცილებლად გასცემს პრემიებს დარჩენილი 24 თანამშრომლისთვისაც.