შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ დგამენ ახალ წელს "ჩიჩილაკს" და რომელი წმინდანის სახელთანაა იგი დაკავშირებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

ძველად საქართველოში, ახალ წელს ბასილის დღეს უწოდებდნენ, რადგან მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა ბასილის დღეს 14 იანვარს აღნიშნავს. ქართველი ხალხი ამ დიდი წმინდანის მიმართ მოწიწებას და პატივისცემას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა.

ახალი წლის ღამეს, მეკვლე ვიდრე ოჯახში ფეხს შემოადგამდა ასე დაილოცებოდა - "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ წმინდა ბასილას მადლი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი".

წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული ძველი ქართული საახალწლო ტრადიციებიც, ჩიჩილაკის დადგმა და "ბასილის პურის" გამოცხობა.

ბასილი დიდი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში განდიდა თავისი სიწმინდით, მოწამებრივი ცხოვრებით და თავისი სასწაულებით, "ჩიჩილაკს" "წმინდა ბასილის წვერს" ადარებდნენ.

ჩიჩილაკის დადგმა ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული და იგი პირველად გურიაში სოფელ ბასილეთში დამზადდა და გურული კაპლიანი ჩიჩლაკი ერქვა.

ახალ წლამდე ორი დღით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ, ახალი წლის ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს მოატარებდნენ, მერე კანს გააცლიდნენ, თლას ბასრი დანით დაიწყებდნენ და თეთრწვერა ჩიჩლაკს დაამზადებდნენ.

ჩიჩილაკის კალპი მარადმწვანე სუროსგან და წითელმარცვლიანი კუნკანტელის ლერწმისგან მოწნილი რგოლი იყო, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან დგამდნენ.

კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულმოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. ჩიჩილაკს საჩუქრად მიართმევდნენ ასევე ბატონს, რომელსაც ხილითა და ფოჩიანი კამფეტებით რთავდნენ.

ნათლისცემის წინა ღამეს კი ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდნენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.

ახალი წლის რიტუალი იყო "ბასილის პური", კაცის ფორმის პური, რომელიც სახლში შობამდე ეკიდა. ბასილის პური ბარაქისა და წარმატების მომტანი იყო, რომელიც მხოლოდ ხორბლის ფქვილისგან მზადდებოდა.

ქართლში, აცხობდნენ წმინდა ბასილის ქანდაკებას და ბედის კვერს ოჯახის ყველა წევრისთვის და შინაური ცხოველებისთვის. ორ-ორი ბედის კვერი ოჯახის წევრებისთვის, თითო-თითოს შინაური ცხოვლებისთვის.

გამთენიისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ღორის თავთან ბედის კვერსაც დებდა, რომელსაც გარშემო მოუწყობდა თაფლში ამოვლებელ პურის ლუკმებს და თაფლის სანთლს აანთებდა. საახალწლო ხონჩას "აბრამიანს" უწოდებდნენ, რომელსაც სამი დღე ინახავდნენ, შემდეგ ბასილის გულიდან ჯვარს ამოჭრიდნენ, ფქვილიან გოდორში ჩააგდებდნენ და იტყოდნენ "ბარაქა ამ გოდორსო".

მესხეთ- ჯავახეთში, ოჯახის უფროსი საახალწლო კვერებს ტაბლაზე დააწყობდა, შუაგულში კი "ბასილა" იდო, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ბასილას თავთან და ფეხებთან ბანის პური ეწყო.

გამთენიისას როცა მამალი იყივლებდა ოჯახის უფროსი ტაბლას სახლს შემოატარებდა და დაილოცებოდა. ფშავში ცხვებოდა ერბოიანი ქადები და ახალი წლის ღამეს სალოცავში მიჰქონდათ. სვანეთში ტაბლის კვერები ჯვრის გამოსახულებით ცხვებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია