შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი განწყობით ეგებებიან გურულები ახალ 2020 წელს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

ტრადიციის თანახმად, მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.  ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. 

ასეთი ტრადიციების მქონე გურულები კი, დღეს სულ სხვაგვარად, სულ სხვა საზეიმო და საახალწლო განწყობით  ხვდებიან ახალ წელს მეტი პრობლემებით, გაჭირვებით, სიხდუხჭირით. მაგრამ მაინც გურული შემართებით  იმაგრებენ თავს. უცვლელად  და ტრადიციების დაურღვევლად   აქვთ  შემორჩენილი ეს  სიტყვა „მშვიდობა“.  გურიაში  ამ სიტყვით იწყება ჭირისა  თუ ლხინის სუფრა.   

„გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო  როგორი  განწყობით  ეგებებიან გურულები ახალ 2020 წელს და რას უსურვებენ  ისინი ერთმანეთს. 

ე.ჯ. - კარგს ვუსურვებდი ჩვენს ხალხს.

ავთო ანანიძე, ქობულეთი -  ქობულეთელი ვარ,  მაგრამ იგივე ჩემი ქალაქია, ჩემი მეზობელია და მინდა ვუსურვო, სიკეთე და ყველაფერი  კარგი.  ბედნიერი ახალ წელი   ჰქონოდეთ ყველას. არ მოკლებოდეთ წარმატებები.

აკოფა - არა  არ მივულოცავ ახალ წელს მთავრობას, იმიტომ რომ უპატრონო ქვეყანა ვართ. ჩვენს გურულებს, მინდა  ვუსურვო კარგად იყვნენ. მე სომეხი კაცი ვარ და ვცხოვრობ გურიაში ამდენი წელია და  მიყვარს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მე მთავრობაზე ვარ გაბრაზებული. მინდა ქალაქის მერი იყოს ისეთი, რომ ხალხს მოხედოს.

ლალი - მთავარია მშვიდობა,  სოლიდარობა  გურულებს და მთელ საქართველოს.

სოსო, გურიანთა - ვუსურვებდი მშვიდობას და გამდიდრდეს ყველა. ევროები იყოს  ოჯახებში. გურულებიზა მინდა ყველაფერი საუკეთესო, რაც კია. 

ეთერი - ვუსურვებდი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაწყნარებას, დამშვიდებას.  მინდა ყველაფერი კარგი, გურულები იმსახურებენ ამას და უნდა ჰქონდეს.

ჯ.ზ. - რას ვუსურვებდი ჩემს გურიას და გურულებს და მშვიდობას.

მერი ხარაიშვილი, გურიანთა  -  მარტო გურია კი არა, მთელი საქართველო ყოფილიყოს გაბრწყინებული  და თავისუფალი, რომ არ იყოს კრიმინალები,  უბედურებები და ბავშვები რომ არ იღუპებოდნენ.

თამრიკო, ციხისფერდი - გურიას ვულოცავ ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს. გურია არის ძალიან ღარიბი რეგიონი. ჩვენი სოფელი კიდო უარეს მდგომარეობაშია. უგზო-უკვლოობაში ვცხოვრობთ. იცით რაფერ ცხოვრებაში ვართ?! საცხა  ვცხოვრობთ,  დაკარგულში,  ჩვენს  სოფელს არ ქვია სოფლის სახელი, ჩვენს სოფელს ქვია, შერქმეული სახელი „ინტაბუეთი“. გზა ჩვენ არ გვაქვს და წყალზე ლაპარაკი არ არის.  მანქანები განადგურებული არიან, ჩვენთან რომ ამოდიან. ძალიან ცუდ დღეში ვართ. დღევანდელ დღეს ეს პრობლემა თუ უნდა არსებობდეს. ჩვენი მთავრობა არის სასიკვდილო მთავრობა და არაფერი კაი არ უნდა უსურვო მაგენს.  გურულებმა რა დააშავეს, გურულებს ყველაფერი კაი უნდა ქონდეს, მარა მთავრობას არაფერი. სულ  დაიკიდეს ხალხი ფეხებზე. ჩვენ დეპუტატი არ გვყავს.  ჩვენი ხმა უნდა მივიდეს ივანიშვილამდე.  მისულიცა იქნება  მარა, ფეხებზე კიდია. ხალხი დადის ქალაქში საჭმელს ვერ ყიდულობს. ნერვიულობიდან ნერვები „დატკლეცილი“ აქვენ და  რაესათამაშოებათ  და რაეანაძვისხეებად, თუ საჭმელი არ ექნებათ ახალ წელს სახლში. ძაან ცუდ დღეშია ჩვენი ოზურგეთი. გაუსაძლის დღეშია. ღარიბი რაიონია. ვუსურვებდი მშვიდობას, ჯანმრთელობას  და უკეთესი ახალი წელი ქონოდეთ.

ენძელა - ჭკუაზე მოსულიყოს მთავრობა. მშიერი და მწყურვალი ვარ და აქანე თუ არ ვივაჭრე, რაის ახალი წელია.  აქანეც არ მაყენებენ.  ეგერაა გამზადებული ადგილი და  გადადიო.   იქანე არ მინდა გადასვლა. იგი კაი ადგილი რომ ყოფილიყო, მაგენს არ დარჩებოდა „მუუღობავი“.

მ. ფერცულიანი - გურულები,  ჯინზე გადავლენ  სხვაზე უკეთესად ამ ახალ წელს. ვენაცვალე ჩემს  გურულებს. სამყარო სად არსებობს გურულების გარეშე. ვუსურვებდი ჯანმრთელობას, მშვიდობას, გამძლეობას და ულევ სიხარულს. ამ წლის მერე მაგენს პრობლემა საერთოდ არ ქონოდენ. მოეგვარებიონ და როგორც ქართულ ჯიშს, ჯილაგს და გენს შეეფერება, ისე იყვნენ.  გურულებთან ერთად მთლიან საქართველოს ვულოცავ.

მარინა ქარსელაძე - ჯანმრთელობას ვუსურვებდი. ცხოვრების გაუმჯობესებას.  ყველას ქონებოდეს შრომის უნარი.   მთავარია გამძლეობა გვქონდეს. წინსვლა და  რავიცი მინდა კარგად ვიყოთ.

როინ მუჯირი - ჩემი განსაკუთრებული  სურვილი საქართველოსთვის არის ის, რომ  მშვიდობა იყოს, გაერთიანება იყოს და  ჯანმრთელობა იყოს. გურულებიზა ბევრი ფული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია