გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსალოდნელია, შეუსრულებელი დაპირების გამო ოცნებას პასუხი მოსთხოვონ"- რატომ იმყოფებოდა საქართველოში და ვის შეხვდა ამერიკელი გენერალი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

საქართველოში ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი იმყოფებოდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მაღალჩინოსანმა შეხვედრები გამართა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით როგორც ხელისუფლების, ისე კონსორციუმის წარმომადგენლებთან.

ქართველი სამხედრო ექსპერტები კი ამბობენ, რომ აშშ-მა უკვე ბევრი გაფრთხილება მისცა ხელისუფლებას, თუმცა მათ მაინც შეაჩერეს ეს პროექტი.

„ყველა სახის გზავნილი, რაც შეიძლება გაჟღერებულიყო, „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს, თუმცა პროექტი მაინც შეჩერებულია. ეს არის დასავლეთის პოზიცია და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების გამო მოსთხოვონ პასუხი“, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ნარატივი ნატოს ბაზების შესახებ ანაკლიაში არის სიცრუე, რადგან რაიმე ბაზის განთავსებას ზღუდავს გარკვეული სახის ხელშეკრულებები.

„ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამხედრო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით - აქ მუდმივი ბაზირების პორტის მოწყობა ნატოს ხომალდებისთვის არის გამორიცხული, ამას ზღუდავს ხელშეკრულება“, - აცხადებს თემურ ჩაჩანიძე.

უესლი კლარკის ვიზიტს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონსორციუმმა არ ან ვერ შეასრულა პირობები და დიდი დრო დაიხარჯა ტყუილად. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება უკეთესი სახით ახალ ინვესტორებთან ერთად.

„სამწუხაროა, რომ კონსორციუმმა პირობები არ შეასრულა და ჩვენ დავკარგეთ დრო. ჩვენ აუცილებლად მოვძებნით უფრო სანდო ადამიანებს და ახალ ინვესტორებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ ეს იყოს დასავლელი და პარტნიორი ქვეყნების ინვესტორები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყება უფრო გამართული სახით“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია