შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიები კენჭისყრის დღეს აფასებენ. ოპოზიცია გაყალბებასა და ზეწოლებზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018
სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოსახლეობის დაშინებისა და მოსყიდვის შედეგად მოიპოვა.„ეს ქვეყანა ხახვის ფუჩეჩით არის დაფარული, ამიტომ ჩვენ გვყვავს კარტოფილით და ხახვით მოყვანილი პრეზიდენტი. ეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო, ეს არ იყო არჩევნები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი.მის პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე: „საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და შესაბამისად შედეგებიც არ არსებობს. ისეთი ტერორი განახორციელა „ოცნებამ“, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას შეშურდებოდა. ყველაგან აყალბებდნენ, ამიტომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავს“. მისივე თქმით, მმართველმა პრარტიამ ისეთ უბნებზე გაზარდა სპეცსიების რაოდენობა, სადაც არჩევნებს აგებდა: „N28 ახალციხის უბანზე პირველ ტურზე თუ მოვიგეთ, ახლა 26 ხმით წავაგეთ, რადგან შსს–ს თანამშრომლები შეიყვანეს სიაში“.„უბნებს გარეთ გაყალბებულ არჩევნებზე“ საუბრობს ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ მოსიძე: „ასპინძაში უბნებზე არაფერი ხდებოდა, თუმცა მთავარი გარეთ იყო, მანქანებით მიჰყავდათ ამომრჩეველი, თანხებს ურიგებდნენ და აშინებდნენ. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა“. „ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახალქალაქსა და ადიგენში: „ახალქალაქში ერთი ხმისთვის 300 ლარს იძლეოდნენ. მერია საკრებულო და ყველა ორგანო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. რაც ახალქალაქში ხდებოდა ამას არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან“, – ამბობს ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ რეგიონში „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდნენ. „ეს შედეგი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ხალხშია. ყველამ კარგად იცის რა გზებით მოიპოვა გამარჯვება მმართველმა ძალამ, ამიტომ რას ზეიმობენ ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე. ადიგენში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხირდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიმონ პარუნაშვილი: „არჩევნებმა ჩაიარა დიდი ზეწოლებისა და მოქრთამვის ფონზე. არჩევნების დღეს დილით მანქანის საბურავებიც კი დამიჭრეს“. „ახალქლაქში ორ უბანზე მოიგო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, დანარჩენებში კარტოფილმა, ფულმა და დაშინებამ გაიმარჯვა“, – აცხადებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი.ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, დარღვევების გარეშე და თუ რამე დაფიქსირდა ისიც ძალიან უმნიშვნელო. სალომე ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება, რადგან ის ძალიან კარგი პოლიტიკოსია“, – ამბობს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ არჩენვებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოკაციების მცდელობა, სურდათ, რომ საარჩევნო პროცესები ჩაეშალათ, თუმცა არ გამოუვიდათ“. „იმდენად მშვიდი იყო საარჩევნო პროცესები, რომ არცერთი საჩივარი არ დაწერილა ასპინძაში, რამე რომ ყოფილიყო, არ მოერიდებოდათ, წერა–კითხვა მათი მოგონილია. სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება ყველა უბანზე ობიექტურად მოიპოვა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე.შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართა. მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სამცხე–ჯავახეთში ყველა საარჩევნო ოლქი მოიგო. საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ხმების 59,52% მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 40,48 % კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. [ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია