შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში, იანვარში ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა- კატასტროფულად გაზრდილი სტატისტიკა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლის სტატისტიკა საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდება - ჯერ მხოლოდ იანვარში, ერთი თვის არასრული მონაცემებით, რომელიც მედიაში გახმაურდა, ავტოავარიებში ჯამში 20 ადამიანი დაიღუპა. 

საზოგადოება კი 2 დღის წინ მომხდარმა საზარელმა ავტოავარიამ შესძრა. ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.  ასევე მძიმე მდგომარეობაშია გარდაცვლილი ბავშვების დედა, რომელიც ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოში იმყოფება. 

ერთი დღის წინ კი საზარელი ავარია მოხდა ველისციხეში. ყვარლის დამაკავშირებელ გზასთან მომხდარ ავარიას 24 წლის კაცი და მისი 2 წლის შვილი ემსხვერპლნენ. დაშავებულია ბავშვის დედაც, რომლის მდგომარეობაც ასევე მძიმეა. 

მსხვერპლით დასრულდა ასევე ავტოავარია ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან.  მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი  რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ იპოვა. 

ტრაგიკულად დასრულდა ორშაბათს ავარია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ტროტუარზე შევარდნილი ავტომობილი ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა - 8 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ეს ბოლო პერიოდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევათა არასრული ჩამონათვალია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სტატისტიკა წლიდან წლამდე კი შემდეგ ნაირად იზრდებოდა: 

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 კი დაშავდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს გზებზე 22 ადამიანით მეტია დაღუპული.

რა იწვევს და რატომ ვერ ხერხდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირება, ამის შესახებ „რეზონანსთან“  კომენტარს სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი აკეთებს. მესხიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ე. წ. შავი წერტილები, სადაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ხშირია ავტოავარიების შემთხვევები. 

მესხიშვილი ამ გზებთან ერთად, ასევე ყველაზე პრობლემატურ და საშიშ გზად გომბორის უღელტეხილს, კახეთის გზატკეცილს, ქუთაისის გზასა და თბილისში საბურთალოს რამდენიმე უბანს ასახელებს. მისი აზრით, ამ კუთხით ხელისუფლებამ განსაკუთრებული კვლევები უნდა ჩაატაროს, რათა დაადგინოს, რა იწვევს ამ წერტილებზე გახშირებულ ავტოავარიებს. 

„ჩვენი მთავარი პრობლემა, რასაც შემდეგ ასეთი კატასტროფები მოჰყვება, სიჩქარის გადაჭარბების კონტროლის არარსებობაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სიჩქარის კონტროლს ვერ ახერხებს. ჩვენ რამდენი ხანია ჭკვიან კამერებსა და რადარებს ველით. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 200 კამერა გვაქვს, რომლებიც საკმარისი არ არის. 

„პრობლემა გვაქვს კანონის აღსრულების საკითხში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საგზაო მოძრაობაზე პასუხისმგებელი უწყება არ აქვს. საპატრულო პოლიცია სიჩქარის მენეჯმენტს თავს ვერ ართმევს. 

„ვაფრთხილებ მძღოლებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გომბორის უღელტეხილზე გამოიჩინონ, ასევე კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისშიც არსებობს ე. წ. შავი წერტილები, ესენია: ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს რაიონში გზაჯვარედინები, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. აუცილებელია ამ ე. წ. შავი წერტილების დეტალურად შესწავლა და ინფრასტრუქტურის გაკეთება", - განაცხადა „რეზონანსთან“ მესხიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია