შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეუთო-ოდირი: „ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი შეესაბამება თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის პრინციპებს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2020

ეუთო-ოდირის მიერ რამდენიმე საათის წინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

"საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას, შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია." - ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო-ოდირის დასკვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".

ოდირის რეკომენდაციებში საუბარია ბიულეტენში არჩევანის მონიშვნის წესზე, ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადაზე, ქვე-ოლქების განსაზღვრაზე, მრავალმანდატიან ოლქებს შორის მანდატების თანაბრად განაწილებაზე და ა.შ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ოპოზიციის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო-ოდირს გადაუგზავნა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია