შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"15 თებერვლის ღამეს გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას ვეძახით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2020

"15 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძლიან ველოდებოდით.
ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას ვეძახით.
ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს თავბოლოშექცევით , მჭიდროდ, რამდენიმე წყებად მიამაგრებდა სარზე.
ძალიან ველოდით დაბნელებას, და თუ კი ფერდებზე შეფენილი ეზოებიდან, რომელიმე მეზობელი დაგვასწრებდა ანთებას, ბაბუას მოსვენებას არ ვაძლევდით. ბაბუა დინჯად გამოიტანდა ლამპარს აანთებდა, ეზოს გადაღმა გადმოგვიყვანდა და აგუზგუზებულ სარს თოვლში ჩაარჭობდა, საზღვარი არ ქონდა ჩვენს სიხარულს… ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი..
ოჯახი არ დარჩებოდა გურიაში, ვინც ლამპარს არ აანთებდა. ბავშვიანი ოჯახები განსაკუთრებით მოინდომებდნენ, მოხუცები მოკრძალებულ და მგლოვიარე ოჯახი არ შეიმჩნევდა და არ გამოიტანდა ლამპარს.
ბებიას ჯეროდა, რომ ჭინკები, ეშმაკები და უჟმურები, რომლებიც ღელეებში და ღარდებში ცხოვრობდნენ ამ ღამეს სოფელ, სოფელ დადიან და “თუ დეინახეს, რომე არ ანთია ცეხლი, მეივლიენ და დაბუდდებიენ შინ. ჩვენი მტრისას და დამაწყევარისას დაბუდდა უხილავი. თუ დეინახავს ცეცხლს გეიარს და წავა ნენა, დაბრუნდება მის ღარდაში…”
ზოგჯერ ბაბუა ზაფხულიდან გადანახულ შამბალას ქერხებს გაურევდა ნაგულებში, ასეთი ლამპარი ნაპერწკლებს ისვრის და ოიიიი ამ ნაპერწკლების საშინლად ეშინიათ თურმე ჭინკებს.
თუ ვინმე ძველ რეზინის ჩექმას ან კალოშს დაწვავდა ჭინკების დასაფრთხობად ბრაზობდა ბაბუა ” ააქოთეს, წაპილწეს აქოურობაო”…
მინელდებოდა ლამპარი და ჩვენ გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდით შინ, რომ ეს ნანატრი ამბავი ასე უცბად მორჩა.
ბებია გახურებულ ბუხარს დაგვახვედრებდა, კეცს არეკავდა, მზისფერ ჭადს შქერის ფოთოლს გააცლიდა, დერგიდან აგვისტოს ყველს ამოიღებდა, კუხე პამიდორის თხილიან მჟავეს დიდი ჯამით დადგამდა და გვავახშმებდა.
მერე ფეხებს დაგვითბილავდნენ, სველი პირსახოცით ლამპრობის მურს გაგვაცლიდნენ სახიდან და გახამებულ ლოგინებში ჩაგვაწვენდნენ. შუბლზე გვაკოცებდნენ და დაგლოცავდნენ. ” ვეფერი დაგაკლოს ეშმაკმა და უხილავმა ნენა, შუუმჩეველი დარჩით წრომანდელ წელს უჟმურიზა და ჭინკიზა, გამიხაროს და გამიძლიეროს თქვენი თავი გამჩენელმა…ალური კუდიანებს”
ვიწექით და გვჯეროდა, რომ ვეფერი ვერ მოგერევა წელს…
არვიცი, მართლა არვიცი მაგრამ ვიცი ერთი, რომ ლამპრობა სანამ ვარ სულ ასე ტბილად მემახსოვრება."
ნეტა წელს თუ დაანთეს ლამპარი გურიაში..

ზურა შევარდნაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია