შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020
ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო] მთავარი → სიახლე, SK TV, რეპორტაჟი 03.03.2020 ახალციხეში სომხური ქორწილი ძველი ტრადიციების მიხედვით ტარდება. ახლად დაქორწინებულ წყვილს დედამთილი მხრებზე ლავაშს აფენს და ნიგვზითა და თაფლით უმასპინძლდება. ტრადიციის თანახმად, „ოჯახის უფროსი“ ის იქნება, ვინც პირველი გატეხს კართან დადებულ თეფშს. ქორწილი ყველაზე ლამაზი დღე იყო ანნასა და სერგეისთვის, ბევრი სტუმრით, ცეკვა-სიმღერით და ყველა იმ რიტუალით, რომლის შესახებაც მანამდე უბრალოდ გაეგონათ ან სხვების ქორწილებში ენახათ. ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს, ხუთი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. „ქორწილი განსაკუთრებული დღეა. ზოგს შეიძლება მის ნაცვლად სამოგზაუროდ წასვლა ურჩევნია, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა, ქორწილი გვქონოდა“, - გვეუბნება სერგეი.„არასოდეს დამავიწყდება, თეფშის გატეხვის მომენტი, ასევე, როგორ დაგხვდა ჩემი მომავალი დედამთილი კარში თაფლითა და ნიგვზით და ტკბილი ცხოვრება გვისურვა“, - იხსენებს ანნა.ქორწილამდე მოლაპარაკებებიც ტრადიციის ნაწილია. მოლაპარაკებებში კაცები მონაწილეობენ, თემში დღემდე მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ კაცების საქმეა. მომავალი სიძის ოჯახი საპატარძლოს ოჯახში გვიან საღამოს მიდის, როდესაც უკვე ბნელა. შეხვედრა საიდუმლოდ უნდა შეინახონ, რომ თუკი სასიძო უარს მიიღებს თემში პატივისცემა არ დაკარგოს. წესია, რომ პირველ მისვლაზე, ქალის მშობლებმა თანხმობა არ უნდა მისცენ, არავინ უნდა იფიქროს, რომ შვილის თავიდან მოშორება სურთ. თუკი მოლაპარაკებები მესამე შეხვედრამდე მივა, ესე იგი შეთანხმება შემდგარია და მესამე შეხვედრა უკვე ნიშნობას ნიშნავს. ქორწილის დილა იწყება ასე: სიძის ნათესავები მეჯვარეს სახლში აკითხავენ და მასთან ერთად მიდიან სიძესთან. პატარძლის ნათესავებს სიძისთვის საგანგებო კოსტიუმი მიაქვთ. კოსტიუმს სიძეს მეჯვარე აცმევს და ახალ სუნამოსაც აპკურებს. მთელ ამ პროცესს, რომელიც აუცილებლად ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიდის, „მელია“ ჰქვია. ამის შემდეგ იწყება „მაღარი“ - სიძის მთელი ამალა, კვლავაც მუსიკოსების თანხლებით, პატარძლის სახლისკენ მიემართება. მიაქვთ ფატა, საპატარძლო ფეხსაცმელი, „ტაროსიკები“ - საგანგებოდ შეფუთული ტკბილეული, კონიაკი და ხილი. ვიდრე სიძე საცოლის სანახავად შევა, პატარძალს სამჯერ თავს ზემოთ ფატა უნდა შემოავლონ და ბედნიერება უსურვონ. ამ დროს, ოთახში აუცილებლად უნდა ჟღერდეს ტრადიციული სიმღერაც. სწორედ აქ იწყება „პატარაძლის შეფასება“ - სიძეს კართან მომავალი ცოლისდა ეღობება და დის სანაცვლოდ საფასურს ითხოვს. პატარძლის სახლიდან გამოყვანისას ტრადიციის თანახმად, ძმა კარზე დანას ან ხანჯალს არჭობს და სიძეს და მის მეჯვარეს ფულს სთხოვს, თანხის მიღების შემდეგ კი პატარძლის სახლიდან გაყვანის უფლებას აძლევს.ახლად დაქორწინებულები ჯვრისწერის და ხელმოწერის შემდეგ, სიძის ოჯახში მიდიან. კართან დედამთლი წყვილს თაფლით და ნიგოზით უმასპინძლდება და მხრებზე ლავაშს აფენს. სომხურ თემში ამბობენ, რომ ლავაში ბარაქის და ოჯახის წარმატების სიმბოლოა.ოჯახში შესვლამდე სიძემ და პატარძალმა თეფში უნდა გატეხონ. ვინც პირველი გატეხს „ოჯახის უფროსიც“ ის იქნება. ამ ტრადიციის შესრულების შემდეგ ნეფე–დედოფალი და სტუმრები საქორწილო სუფრასთან სხდებიან.წლების წინ ქორწილს შემოდგომასა და ზამთარში იხდიდნენ, მაშინ, როცა გლეხს ნაკლები სამუშაო ჰქონდა. ახლა სეზონი განმსაზღვრელი არ არის. სომხურ თემში ქორწილს მაისის გარდა, ნებისმიერ დროს გეგმავენ. გადმოცემის თანახმად, მაისში ქორწინებას წყვილისთვის ბედნიერება არ მოაქვს.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია