შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ხის ხელნაკეთ კასრებს ამზადებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020

თელავში მცხოვრები ხელოვანი გიორგი ბოჭორიძე ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების შესანახად სხვადასხვა მოცულობის კასრს ამზადებს.

გიორგი თბილისიდან თელავში საცხოვრებლად ოთხი წლის წინ დაბრუნდა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა.

სამსახურის გარდა, მან ხელნაკეთი კასრების წარმოებაც გადაწყვიტა.

,, ვმუშაობ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება ჩემს დამატებით საქმიანობას, 10-წლის წინ დავიწყე ქალაქ თბილისში ჩემს მეგობრებთან ერთად, აღნიშნული იდეა მოგვივიდა იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ცივ სასმელებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მსგავსი პროდუქტი იმ დროისთვის ნაკლებად არსებობდა. მას შემდეგ რაც მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი, საქმიანობაც შესაბამისად ჩემს მხარეში გავაგრძელე.

რაც შეეხება უშუალოდ საქმიანობის სპეციფიკას, კასრებს ვამზადებ ფიჭვის მასალისაგან, რომლის შიგნითაც არის მოთავსებული უჟანგავი ფოლადის (ნერჟავეიკის) ავზი. ზემოაღნიშნული მასალის ავზები საკმაოდ გავრცელებული და ყველაზე მეტად მიღებულია სითხის შესანახად, ამის მიზეზი კი ისაა, რომ არ შედის რეაქციაში არც ერთი სახეობის სითხესთან, ეკოლოგიურად სუფთაა და მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს. ავზებს ვამზადებინებ ქალაქ თბილისში, შესაბამის ქარხანაში’’,- განუცხადა kbews. Ge-ს გიორგი ბოჭორიძემ.

ხელოვანი განმარტავს, რომ თითოეულ კასრს ხელით, დაძველების მეთოდით, მაღალი ხარისხის ნედლეულით ამზადებს და იყენებს ძველ ქართულ ორნამენტებს.

,,თითოეული კასრი არის ხელნაკეთი. ძირითადად ვამზადებ დაძველების ეფექტით, რომლის ყველა დეტალი კეთდება მაღალი ხარისხის ნედლეულით და მაქსიმალური სიზუსტის დაცვით.

დიზაინში გამოყენებული მაქვს ძველი ქართული ორნამენტები. მაქსიმალური მოცულობის კასრები, რომელიც ჩემი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს, არის 130-ლიტრი მოცულობის, რომელსაც აქვს სითხის გაციების რეჟიმი, ასევე უზრუნველყოფილია თბოიზოლაციით, ზაფხულის ცხელ დღეებში სითხე ტემპერატურას ინარჩუნებს დაახლოებით 5-დან 8-საათამდე.

ყველაზე პატარა კასრი არის 10-ლიტრი მოცულობის, რომლებსაც ძირითადად ალკოჰოლური სასმელების შესანახად იყენებენ’’,- აცხადებს ბოჭორიძე.

გიორგი ამბობს, რომ ხის კასრებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მეწარმის ინფორმაციით, პროდუქციის ღირებულება 1700-დან 2000 ლარამდე მერყეობს.

,,დიდი მოცულობის კასრებს ყიდულობენ ნატურალური წვენებისა და ალკოჰოლური სასმელებისათვის, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია განთავსებული.

სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 1700-დან 2000-ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ ნედლეულის თვითღირებულებაზე.

საქმიანობის წარმატებას განაპირობებს წარმოების მაღალი ხარისხი, წლების მანძილზე მოპოვებული სანდოობა, გამოცდილება და გარანტია.

ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზებიდან შემოსული მოგება სამწუხაროდ არ მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი საქმიანობა მასშტაბური გავხადო.

მუდმივად ვეძებ საგრანტო პროგრამებს, რომლის დაფინანსებაც საშუალებას მომცემს, გავზარდო პროდუქციის წარმოება და დავასაქმო რამდენიმე ადგილობრივი’’,- აცხადებს მეწარმე.

გიორგი ბოჭორიძის სამომავლო გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანა შედის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია