შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებს გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად თავისუფალი რეჟიმი ექნებათ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2020
არდადეგების გახანგრძლივების გამო, გაცდენილი საათების ანაზღაურების მიზნით, საჯარო სკოლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება მოუწევთ.


განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, სამინისტრო სკოლებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს თუ როგორ აანაზღაურონ გაცდენილი საათები.
„ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტები ამ ეტაპისთვის მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგლებშიც, თითოეულ სკოლას თავისი მოსწავლეთა რაოდენობის, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ მოდიფიცირებას, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შაბათი დღე, შესაძლებელია დამატებული იყოს გაკვეთილები. ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას მივცემთ თავისუფალ და მოქნილ გრაფიკს”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

განათლების სამინისტრომ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციაც გამოაქვეყნა:
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს. სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას. აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია