შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნატო გააგრძელებს საქართველოს მომზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

ნატო გააგრძელებს საქართველოს მომზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის - ეს განცხადება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გაიმართა, მთავარი განსახილველი თემა რუსეთის აგრესიული ქმედებები და აზოვის ზღვაში რუსების მიერ უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავება იყო.

უნგრეთის განცხადებას, რომ საქართველო იმსახურებს წევრობის სამოქმედო გეგმას, იენს სტოლტენბერგი და დავით ზალკალიანი გამოეხმაურნენ.

„მეზობელი ქვეყნების საზღვრების უპატივცემლობის რუსული მოდელი მოიცავს მისი სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა დაასრულოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ნატომ გაზარდა სამხედრო კონტიგენტი შავი ზღვის რეგიონში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის. რაც შეეხება მაპს, ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელსაც დღეს შევეხეთ. წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორ შეეხებიან ამ თემას, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა ჯერ კიდევ ივლისში გვითხრეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასე რომ, ეს შეხვედრა იყო სოლიდარობის ძლიერი გზავნილი საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით ქვეყნების მხარდაჭერა საგრძნობლად გამოიხატება.

„აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ ხელშესახები პროგრესი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის განხორციელების კუთხით, რომელიც ემსახურება საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას. აუცილებელია, რომ იყოს მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები ამ შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით. არის საგრძნობი პოზიტივი, დინამიკა ქვეყნების მხარდაჭერაში ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია