გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Bloomberg: კორონავირუსის გამო ივანიშვილის ქონება შემცირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება.

მათ შორის, ბოლო მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მილიარდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მილიარდს.

მცირდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებაც. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან „ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ინდექსის მიხედვით, ივანიშვილი ქონება ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მილიარდი დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

3 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა.

5.05 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.13 მილიონი უნცია ოქრო და 148 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0246%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ" 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 80%-ს, შეერთებული შტატების 100 წამყვანი კოლეჯის შემოწირულების 1.28%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, რომელშიც ივანიშვილის ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა", - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის სიაში სულ 500 მილიარდერია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია