შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა წესდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აპრილი 2020

პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან მომდევნო 10 დღე ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა წესდება. ამის შესახებ ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი", - ამბობს ჩიქოვანი.

გუშინ, 14 აპრილს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და თქვა, რომ სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვის საკითხი "სერიოზულად"განიხილებოდა.

ასევე, პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში თავს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩნენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა.

Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

საქართველოში, 15 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, დაიღუპა - 3.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია