"მთელი სოფელი შეძრწუნებულია, კარგი მეგობრები იყვნენ და ეს უბედურება მოხდა“ _ რა მოხდა ნიგვზიანში
„გურია თუდეიმ“ ნიგვზიანში მომხდარი ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების შეიტყო. როგორც ირკვევა, დაახლოებით 65 წლის გ.კ-მ ველოსიპედით მიმავალ გვერდით მეზობელს, ასევე დაახლოებით 65 წლის თ. ფ.-ძეს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მალევე მან ნალიის ქვეშ იგივე სანადირო თოფიდან გასროლით თავი მოიკლა. გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ძველი დაპირისპირების შესახებ არაფერი სმენია ლანჩხუთის მერის წარმომადგენელს ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძეს: „არანაირი კონფლიქტის შესახებ არ გაგვიგია მათ შორის, მეზობლები იყვნენ, ერთი ღობე ჰყოფთ. რა მოხდა, არავინ იცის“ _ განუცხადა „გურია თუდეის“ ირაკლი გუჯაბიძემ.
ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესაც, რომელიც ნიგვზიანის მაცხოვრებელია.
„შოკში ვარ იმით, რა უბედურებაც დატრიალდა სოფელ ნიგვზიანში, აფხაზავების უბანში. როგორც ჩანს, რაღაც დაძაბული სიტუაცია იყო, ველოსიპედით მომავალ მეზობელს „დუპლეტი“ ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ წავიდა სახლში და ნალიის ქვეშ „დუპლეტით“ თავი მოიკლა. მეზობლები არიან, 65 წლის ხალხი, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები. ალბათ, რაღაც იყო მიზეზი, რასაც გამოძიება დაადგენს. მთელი სოფელი შეძრწუნებულია, კარგი მეგობრები იყვნენ და ეს უბედურება მოხდა“ _ გვითხრა ბესიკ ტაბიძემ.
ინფორმაციას "გურია თუდეი" ავრცელებს.