შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარიამ თქვა, რომ კორუფცია ქართულ-ჯიგრული ყოფილა"- ნადირაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ირმა ნადირაშვილი, გუშინ, 27 მაისს პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვებს პასუხობს. გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, გარკვეული კომპანიების მუშაობასთან კორუფციულ ინტერესს ადგილი არ ჰქონია და "რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა..." 

ნადირაშვილის თქმით, გახარიას ეს განცხადება პირდაპირი სიგნალია საჯარო მოხელეებისთვის, რომ უფრო მეტი მოიპარონ და ეკონომიკა სრულად ჩამოიშალოს.

"ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრი ჰგავს ერთმანეთს - ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ყველა ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ბევრიც რომ იფიქრო, ვერ მოიფიქრებ, რომ ასეთი რამ შეიძლება გიპასუხონ. გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს და რა ვქნათ, ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციასო. შემდეგ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უბრალოდ გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. ბატონმა გახარიამ ახლა ახალი სიმაღლეები დაიპყრო, როცა თქვა, რომ კორუფცია ქართულ ჯიგრული ყოფილა. 

გახარიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც საჯარო მოხელეები ასეთ შეფასებებს ისმენენ, ეს არის პირდაპირ სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ, მათმა ნათესავებმა მეტი ტენდერი მოიგონ კონკურენციის გარეშე. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მთელი ქართული ეკონომიკიდან ის, რაც შემორჩა, სრულიად ჩამოიშალოს. რა განსხვავებაა გახარიასა და ღარიბაშვილს შორის, როდესაც ასე აგდებულად პასუხობენ კითხვებს კორუფციაზე და ამით არყევენ სახელმწიფოს ფუნდამენტს", - თქვა ნადირაშილმა. 

გუშინ, 27 მაისს პრემიერმინისტრ გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანდემიის დროს მთავრობის მიერ კომპანიებთან სელექციურ მიდგომაზე დაუსვა კითხვა. კაპანაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციას. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. ამ კონკრეტულ კითხვაზე გახარიას არ უპასუხია. 

"რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - უპასუხა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია