შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული მოხალისე ტროლინგის ანატომია" ზურაბ გურულისგან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2020

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ფეისბუქ გვერძე "ქართული მოხალისე ტროლინგის ანატომიას" გაგვაცნობს და წერს: 

"ქართული მოხალისე ტროლინგის ანატომია

მიუხედავად იმისა, რომ ტროლინგის განმარტება ძალიან ადვილი საპოვნელია ინტერნეტში, მისი მნიშვნელობა მაინც არ ესმის ბევრს ზუსტად. ამ გაუგებრობის გამო ხდება ის, რომ არაერთი ადამიანი შეუგნებლადაც ეწევა ტროლინგს და შემდეგ ძალიან გაკვირვებული რჩება, როდესაც მას ამაზე მიუთითებენ. ტროლის განსაზღვრებაში მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ადამიანთა ემოციებზე თამაში და პროვოკაციული რეაქციების გამოწვევა, რაც საბოლოოდ აგრესიითა და ბულინგით სრულდება.

მაგალითად, ტროლია ადამიანი, რომელიც გარკვეულ თემაზე წამოწყებულ დისკუსიაში ოპონენტის პირად შეურაცხყოფას იწყებს. მოულოდნელად დაინტერესდება იმით, თუ საიდან აქვს ოპონენტს იმდენი დრო, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობს, მისი პროფესიის ადამიანი ხომ ქრონიკულად მოუცლელი უნდა იყოს; ან მოულოდნელად გამოუტანს რაიმე სოციალურ განაჩენს, მაგალითად ეტყვის რომ ის არის რასისტი, კაცთმოძულე, ჰომოფობი, რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი სიმპათიით განწყობილი და ა.შ. ამის შემდეგ დისკუსია მოულოდნელად მთავრდება და ოპონენტი იწყებს თავის მართლებას, რომ “აქლემი არ არის”. არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს საკამათო თემის შინაარსს, რადგან ამ თემის წაკითხვა და გააზრება არავის აინტერესებს; განაჩენი გამოტანილია და იწყება ინტერნეტ-ლინჩი, ზოგი თოკს ეძებს დაბნეული ადამიანის “ჩამოსახრჩობად” და ზოგი “წიხლის” ჩასაზელად იქაჩება.
ქართულ მოხალისე ტროლინგს თავისი სპეციფიკა აქვს; უფრო კლანურია, რადგან მოქმედება პატარა ქვეყნის მცირერიცხოვან სოციალურ სივრცეში ხდება, სადაც კლანებს თავისი გურუები ჰყავთ, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტებივით გამოიტანენ ვერდიქტს და მერე მოხალისე “საჭურველმტვირთველები” აიტაცებენ ბელადის ექოს. გურუები პატივცემული კლანია; ადვილად არ უყადრებენ ყველას თავს; სამაგიეროდ, მათთვის მსხვერპლის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ წვრილფეხა “აფთარ-შიბზიკები”, რომლებიც დაძრწიან კედელიდან კედელზე და “საკბილოს” ეძებენ. მსხვერპლის შერჩევის შემდეგ იწყება დაახლოებით იგივე პროცესი, რომლითაც იწყება ცხონებული ნოდარ დუმბაძის დიდებული ნოველა “ჰელადოს” – “ჯემალი, სკრიპკა! იანგული, ლაწირაკო! ჯემალ, ქამო! - იანგული, წუწკო ბერძენო!” და ა.შ.
“აფთარ-შიბზიკები” საინტერესო კატეგორიაა. დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, ამიტომ მათ პოსტოლოგიას მხოლოდ 2-3 მუდმივი და ერთიდაიგივე მომწონებელი ჰყავს; სამაგიეროდ, ყველა ფეისბუქ-ავტორიტეტის “ფრენდ-ლისტში” არიან გამოჭიმულები და ისინიც სულგრძელად, სულელი, ჭირვეული ბავშვებივით უთმენენ მათ “სიანცეს”.
ქართული მოხალისე ტროლინგის შემდეგი საფეხურია ადგილობრივი უნიჭო მედია-საშუალებები, რომლებიც ენდემური ინტერნეტ-ავტორიტეტების ტვინის ნაჟურს სასწრაფოდ “ანიუსებენ” და საგაზეთო მასალად ხდიან. იმისათვის რომ თავიანთი უნიჭო მასალა კომერციული გახადონ, სათაურებად გამოაქვთ რომელიმე კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მასალის შინაარსთან. მათ კარგად იციან, რომ მკითხველთა 90 % მხოლოდ სათაურს კითხულობს.
მოხალისე ტროლინგის ზემოთნახსენებ სპეციფიკას შესანიშნავად იყენებენ სპეცსამსახურები, ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსიებისათვის. ვინაიდან მოხალისე ტროლების რაოდენობა უზარმაზარია, მათ მინიმალური ფინანსური ძალისხმევა სჭირდებათ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. საკმარისია რამდენიმე “აფთარ-შიბზიკასთვის” მიმართულების მოხერხებულად მიცემა ან რომელიმე გურუს პატივმოყვარეობაზე მარტივი გათამაშება ყველაზე ფაქიზი და მოწყვლადი თემების მოხერხებული სემანტიკური მანიპულირებით, რომ დომინოს პრინციპი თავად იწყებს ამუშავებას და გახელებული ბრბო უკანმოუხედავად გარბის ინტერნეტ-ლინჩის აღსასრულებლად.
ამ მეთოდიკით მუშაობდნენ და მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები ამერიკაში, ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ყველგან, სადაც აგრესიული გამოსვლებისათვის ნაპერწკალი გაჩნდება. ეს კარგად არის ცნობილი გამოძიების ფედერალური ბიუროს სამსახურისათვის და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აჰყავთ ასეთი ტროლები. ამას წინათ, ქართულ ფეისბუქში არსებული 700-მდე ტროლ-გვერდის განადგურებაც ამ მუდმივად მიმდინარე პროცესის ერთი მაგალითი გახლდათ.
და ბოლოს, როგორ ავირიდოთ მოხალისე ტროლის უნებლიე იარლიყი?
ძალიან მარტივად. განყენებულ თემებზე ვიკამათოთ არგუმენტებით; არასოდეს შევეხოთ ოპონენტის პირად ღირსებას, თუ რაიმე პირადულს; არ გამოვუტანოთ ოპონენტს განაჩენი; არ მივაკეროთ იარლიყი და რაც ყველაზე მთავარია, არ შევეცადოთ ჯოგური აგრესიის აგორებას ლინჩისათვის."


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია