„შვიდი ადამიანი 81 წლის დედის პენსიის იმედად ვართ დარჩენილი“- ბოლქვაძეების ოჯახი სოციალური შემწეობის დანიშვნას ითხოვს
„გურიის მოამის“ რედაქციას ლაითურის მკვიდრმა მზია ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის გასაჭირი მოუყვა. 6 თვის წინ, მამა გარდაეცვალა და სოციალური შემწეობა მოუხსნეს. თავიდან გადამოწმების შემდეგ ოჯახს, 100 ათასამდე ქულა მოუვიდა. დღემდე ვერ გაუგიათ ეს რატომ მოხდა.მართალია სოციალურის დანიშვნამდე ქალბატონის მეუღლე და ვაჟი მუშაობდნენ, მაგრამ ბოლო ნახევარი წელია ისინიც უსამსახუროდ დარჩნენ.
„ მამა გარდამეცვალა ექვსი თვის წინ, იქამდე მხოლოდ ორი თვე ვიღებდით სოციალურ დახმარებას. შეგვიჩერეს, გადაამოწმეს თავიდან და მაღალი ქულები მოგვივიდა, ოჯახში აღავინ მუშაობს, 81 წლის დედის პენსიაზე ვართ დამოკიდებული, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. არც მე, არც ჩემს მეუღლეს და შვილს მუშაობა არ გვეზარება, ყოველ დღე გაფაციცებით ვეძებთ, იქნებ რამე ვნახოთ. ამ კორონავირუსის გამო აღარც თურქეთში შეგვიძლია წავსლა და მუშაობა, თორე, თუ რამე გვაქვს სახლში თურქეთით გვაქვს ყველაფერი. უსახსრობის გამო, მამის საფლავიც კი ვერ გავაკეთეთ. მანდარინის იმედი გვქონდა და ისიც გახმა ყინვების გამო.
ახლა გამოუვალი მდგომარეობაა, ერთი ძროხა მყავს და ეგ არის, ეს სამი თვე განსაკუთრებით გაგვიჭირდა, არ ვიცოდით ბავშვებისთვის რა გვეჭმია. დიდი მოითმენ კიდე რომც არ იყოს, ბავშვებს რა ვუთხრათ.
ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას, უფრო გულისხმიერებით მოეკიდოს ჩვენს პრობლემებს, მოხუც დედაზე ვჯავრობ, ძალიან განიცდის ჩვენ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, ამ ხნის ქალს ასეთი სანერვიულო გავუჩინეთ. მე ახალგაზრდა ქალი ვარ, ყველგან ვიმუშავებ, ნეტა სამსახურები იყოს, არაფერს ვთაკილობთ, მშრომელი ხალხი ვართ მთელი ოჯახი“- გვიყვება მზია ბოლქვაძე.