შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მედიის როლი არ არის ადამიანის აღზრდა- განათლება, მედია გაჩვენებს ახლო ხედით იმას, რაც არსებობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აგვისტო 2020

"ვეცდები რაღაც ავხსნა, ვიცი რომ ბევრი მომიძულებს იმის გამო, რასაც დავწერ, მაგრამ გულწრფელად დავწერ და დანარჩენი თქვენი არჩევანია.

დავიწყებ იმით, რომ არ მინახავს გუშინ გადაცემა, არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ვნახე სქრინი, სადაც ჩანს 35K ფბ ლაივის მაყურებელი. ასეთი რიცხვი პირდაპირში უყურებს მაშინ, როცა გლობალური მოვლენა ხდება, მაგრამ 3.5 მილიონიანი ქვეყნისთვის სრულიად წარმოუდგენელი რიცხვია.

ტელევიზია ყიდის დროს, რომელსაც მაყურებელი მის ყურებაში ატარებს. რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს თავის დროს კონკრეტული ტელევიზიის ყურებაში, მით მეტია ამ ტელევიზიის სარეკლამო დროის შესყიდვის მსურველი და მით მეტია ამ დროის ფასი.

დავუშვათ კომპანია აწარმოებს რამდენიმე დასახელების წვენს და რომელიმე კონკრეტული დასახელების წვენზე მეტია მოთხოვნა, ხოლო რომელიმეზე ნაკლები, კომპანია ზრდის იმ წვენის წარმოებას, რომელზეც მოთხოვნაა და ამცირებს იმ წვენის წარმოებას, რომელზეც ნაკლებია მოთხოვნა, თუმცა მოთხოვნადი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის, ხოლო არა მოთხოვნადი - მარგებელი. ამის გამო ჩვენ კომპანიას არ ვაგინებთ, რადგან ლოგიკურია მისი ქცევა და გასაგებია ჩვენთვის.

ზუსტად ასე იქცევა დამოუკიდებელი მედიაც. ის უყურებს თქვენ მოთხოვნას და ამ მოთხოვნაზე რეაგირებს. ბოლო ერთი კვირაა ამ ბაჩანაზე პოსტები მხვდება, ზოგი იცავს, ზოგი ლანძღავს და ზოგიც ამბობს საერთოდ რატომ ლაპარაკობსო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვიცი გუშინ რა ხდებოდა ეთერში, მაგრამ რასაც ვხედავ, ნიკა გვარამიამ ის გაჩვენათ, რასაც მთელი კვირა ითხოვდით. და რაკი ითხოვდით გაჩვენათ ალბათ უფრო ფართოდ, უფრო ნათლად და უფრო საინტერესოდ, რაკი ყველამ ნახეთ და 35k უყურებდა და არ თიშავდა.

რა თქმა უნდა თქვენი გულწრფელი აღშფოთებაც მესმის, ყველაფერი მესმის, მაგრამ ის, რის გამოც ამდენი ვწერე ახლა უნდა ვთქვა. თავისუფალი მედია, გულისხმობს მომხმარებელზე დამოკიდებულ მედიას, რომელიც პროდუქტს პირდაპირ მომხმარებელზე ყიდის და არა რომელიმე კონკრეტულ ინტერეს ჯგუფზე. ამიტომ თავისუფალი მედია ამ დროს სარკის როლს ასრულებს და მასში ჩვენ საკუთარ გამოსახულებას ვხედავთ, საკუთარს, არა ჩვენ ინდივიდუალურს, არამედ ჩვენი საზოგადოების და როდესაც ეს გამოსახულება არ მოგვწონს, პრაქტიკულად სარკის დამსხვრევა გვინდება, ეს გასაგებია, თუმცა ცხადია არა გონივრული.

სწორედ ეს ხდება ახლა. თქვენ ბრაზდებით სარკეზე, მაგრამ სინამდვილეში ეს სარკე იმ საზოგადოების სახეს გაჩვენებთ, რომელშიც ცხოვრობთ და თუ არ გინდათ ამის აღიარება, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, განა ასე არ ირჩევა თქვენი, ჩემი, ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება გარშემო? განა ამაში არ ვცხოვრობთ მთელი ქვეყანა ამდენი წელია? განა საქართველოში ვმიჯნავთ პირადსა და საჯაროს? განა ეს ის ქვეყანა არაა, სადაც ადამიანის სექსუალური ორიენტაცია ზოგჯერ მთელი ოჯახის და სანათესაოს ღირსების საქმედ ცხადდება და არა პირად სივრცედ, განა აქ ქმრები ყოფილ ცოლებს არ კლავენ, რადგან მათი პირადი ცხოვრება საკუთარი ღირსების ნაწილად მიაჩნიათ?

ჰოდა, რა გაგიკვირდათ? რა აღმოაჩინეთ ახალი? რა იყო ისეთი გუშინ, რაც ამორალური იყო ამ საზოგადოებისთვის და რასაც ყოველ დღე არ აკეთებს? არ მოგეწონათ? მაშინ მედიას კი ნუ ლანძღავთ, საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები გალანძღეთ, როდესაც ისინი მორიგ ჯერზე ვიღაცის პირადი ცხოვრების ქექვას დაიწყებენ. მათ ასწავლეთ რას ნიშნავს პირადი სივრცე და საჯარო ინტერესი, მათ აუხსენით რა არის ეთიკური და მორალური და რა - არა. მაშინ იქნებ მართლა შეიცვალოს რამე. სხვანაირად კი მოდი სარკე დავამსხვრიოთ რომ საკუთარი სიმახინჯე არ დავინახოთ, არის ყველაზე უგუნური საქციელი, დაამსხვრევ და ვეღარ დაინახავ, დამშვიდდები, მაგრამ სიმახინჯე არსად წავა, სხვები შეამჩნევენ და ეს უარესი იქნება.

და ბოლოს, ვიცი ახლა შემოვლენ და დაიწყებენ ლაპარაკს მედიის როლზე, რომ მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მედია ქმნის ღირებულებებს, მე მაპატიეთ, მაგრამ მედიის აღზრდილი ადამიანი არ გაიშვა. მედიის როლი არ არის ადამიანის არც აღზრდა, არც განათლება, არც ღირებულებების ფორმირება. საუკეთესო შემთხვევაში მედია გაჩვენებს უფრო ახლო ხედით იმას, რაც არსებობს და საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს ბიძგი, რომ რაღაც შეცვალო საკუთარ თავში. აღზრდაზე თუ გინდათ ლაპარაკი, სად ხართ მაშინ, როცა ქვეყანაში ბავშვებს 30 წელია უკვე საბჭოთა კოლონიებში ვზრდით, რომლებსაც უნამუსოდ ვეძახით სკოლებს. რაღაც ვერ გხედავთ საპროტესტო აქციაზე კონკრეტულად განათლების რეფორმის მოთხოვნით? ვერ გხედავთ მშობლებს, რომლებსაც პროტესტის ნიშნად შვილები მასიურად გამოგყავთ ამ კოლონიებიდან, ვერ ვხედავ ვერავის, ვინც იტყვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემისას მისთვის გადამწყვეტი განათლების კუთხით ხედვა იქნება. მაგრამ სად გნახავთ, როცა თქვენ გინდათ, რომ ბავშვი განათლების სამინისტროს მიერ მართულმა სკოლამ და ტელევიზორმა აღზარდოს, უფრო მარტივია, უფრო კომფორტული. აბა რა, იქ არ მოითხოვოთ, სადაც უნდა ითხოვდეთ და მთავარი არხი ლანძღეთ, უფრო კომფორტულია. მოქალაქეებად აღვზარდოთ ტელევიზორის ეკრანებიდან? სერიოზულად? ამის მართლა სჯერა ვინმეს, რომ ადამიანები ტელევიზორის ეკრანებთან შეიძლება უკეთესები გახდნენ?

ჰო, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა."

ტორესა მოსი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია