გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოცნება IRI-ის შედეგებს არ ეთანხმება - პარტიის რეიტინგი შეუსრულებელი დაპირებების გამო იკლებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აგვისტო 2020

ქართული ოცნება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს არ ეთანხმება, ეს ფაქტობრივად ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, პატრიოტთა ალიანსთან ერთად, რომელიც საჯაროდ IRI-ის უნდობლობას უცხადებს, ოპოზიციისთვის კი დამაჯერებელია სურათი, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია მოსახლეობის ნდობას კარგავს, მთავრობის ოპონენტებს კი ჯამში ქართულ ოცნებაზე მაღალი რეიტინგი აქვთ. რაც შეეხება კოალიციას, კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მხარს კოალიციურ  მთავრობას უჭერს.

 

ქართული ოცნების პოლიტიკური რეიტინგი, მისი შეუსრულებელი დაპირებების გამო მცირდება, 33-პროცენტიანი მხარდაჭერა კი მხოლოდ კორონავირუსის დროს გადადგმული ნაბიჯების შემდეგ არის შემორჩენილი - ასე აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქალაქეების განწყობას ასახავს.

ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ეს განწყობა დროებითია, რადგან კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა ხელისუფლებას არ აქვს. პოლიტიკოსები ეთანხმებიან კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმადაც, მოქალაქეების დიდი ნაწილი - 73% - კოალიციურ მმართველობას უჭერს მხარს. ამ კოალიციაში კი ოპოზიციის ნაწილი ქართლი ოცნების რესურსს ვერ ხედავს. 

გაერთიანების შემთხვევაში ქართული ოცნების დამარცხება რომ შესაძლებელია, - დარწმუნებულები არიან არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების შეჯამებული რეიტინგი ქართლი ოცნებისას აჭარბებს. პოლიტიკოსები ფიქრობენ რომ ქართლი ოცნების რეიტინგი არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო დაიკლებს, ოპოზიციამ კი არჩევნებზე ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზება უნდა შეძლოს.

IRI-ის კვლევის ტენდენციებს არ ეთანხმებიან ქართულ ოცნებაში. პარტიის მთავარი გზავნილი რვა წლიანი მმართველობის შემდეგ კვლავ წინა ხელისუფლების კრიტიკა და ამ ფონზე საკუთარი დამსახურებების წარმოჩენაა.  

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას არც პატრიოტთა ალიანსი ენდობა და ორგანიზაციას დეზინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციამ კვლევა არა ივნისში, არამედ აპრილი-მაისის თვეებში ჩაატარა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქართულ ოცნებას მოქალაქეების 33 პროცენტი, ნაციონალურ მოძრაობას - 16, ევროპულ საქართველოს კი 5 პროცენტი უჭერს მხარს. 17 პროცენტია გადაუწყვეტელი მოქალაქეების რაოდენობა, 11 კი პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი რეიტინგი კი ქართლი ოცნებისაზე მეტია. კვლევა მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლიდერების რეიტინგსაც ასახავს. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. 

გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს. მესამე ადგილზე ევროპული საქართველო იმყოფება, პარტიას გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს.

მეოთხე და მეხუთე ადგილს 3-3%-ით ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსი იკავებენ. 

2-2% აქვთ ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს.

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა, ხოლო 17%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია