გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ასკანაში ჩვენმა სკოლამ კოლმეურნეობის "კანტორაში" დაიდო ბინა, ნეტა ქონდეს ჩემს სოფელს ნამდვილი სკოლა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2020

"მერიკო ბებია, როგორც მაშინ ბევრის ბებია გურიაში, მეჩაიე კოლმეურნე იყო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ადრე დილიდან გვიან საღამომდე ჩაში მუშაობდა. არც ოჯახისქალობაში შეირცხვენდა თავს, სანიმუშოდ მოვლილი ქმარშვილი, სახლკარი, ბოსტანი და საყოლი ქონდა. არც სტუმარს, ნათესავს, მოყვარეს, მეზობელს რჩებოდა ვალში.
ასკანაში, კოლმეურნეობის ახალი "კანტორა" რომ აუშენებიათ , თავმჯდომარისთვის, გიორგი ვასაძისთვის უთხოვია, " ჩემი რძალი მოანგარიშედ დააყენო ეგება გიორგი და მე დიდი, სტუმრიანი ოჯახი მაქვს კიიცი, ბევრი მტერმოყვრით, ხელფასი მჭირია და ახალ კანტორას მე დავალაგებო." დასთანხმებია გიორგი.
საღამოს, ჩაის საწონი პუნქტიდან მოსული, სახლის საქმეებს, რომ მორჩებოდა, საყოლს დააბინავდება, ეპატრონებოდა , ჩვენ გვავახშმებდა და მოგვხედავდა, ლურჯ სატინის ხალათს იცვამდა, მხრებზე სამკუთხედ ჭრელ თავშალს მოისხამდა, გასაღებების უშველებელ ასხმულას აიღებდა და "კანტორის" დასალაგებლად მიდიოდა. ზოგჯერ ბაბუა გაყვებოდა და უნივერმაღის უკან, სახანძრო აუზიდან ვედროებით წყალს უზიდავდა.
კანტორაში სკოლის შემდეგ თითქმის ყოველდღე შევივლიდი, დედასთან. ოთახებში მოანგარიშეები, მოლარეები, ბუღალტრები, აგრანომები ისხდნენ და ხის საანგარიშოების ხმა ისმოდა სულ. დიდი, ყავისფერი ქაღალდისგან შეკერილი სქელი საბუღალტრო წიგნები ელაგა ყველგან დასტა დასტად, მაგიდებზე, ფანჯრის რაფებზე, კარადებზე და იატაკზეც კი.
ბებიას თუ წავყვებოდი ღამით, კოლმეურნების შენობა განსაკუთრებულად საინტერესო მაშინ, მეჩვენებოდა. თავმჯდომარის დიდ ოთახში, მაგიდაზე მარმარილოს სამელნისთვის, მწვანეშუშიანი ლამფისთვის, გარდამავალი დიდი ატლასის დროშისთვის და წითელი ტელეფონისთვის ხელი არ უნდა მეხლო ვიცოდი. სამაგიეროდ დერმანტინის სავარძელზე რამდენიც მინდოდა იმდენს ვიბზრიალებდი.
ბებია ყველა ოთახს ჩამოუვლიდა ცოცხით გულმოდგინედ, საბჭოს მდივნის და თავმჯდომარის ოთახებს ბოლოსთვის მოიტოვებდა. დალაგებულის იქაურობას მაინც არაფერი ეტყობოდა. ერთხელ ვკითხე "რეიზაა აქოურობა ამფერი ბინძური ბებია?"
უი გამიბრაზდა მარა რომელი გამიბრაზდა,
"ენას ამოგართუმ, მაი მიორე გზობა არ გეიმიოროო"
კლიმენტი ნინიძის ჭიდან წყალს მოიტანდა და შუშის ვარდისფერ გრაფინებში შეცვლიდა. ბოლოს მეტყოდა,
"გეიქეცი ნენა ეზოში რამე ყვავილი მოწიკვე და მეიტანე."
შინმოუსვლელთა ობელისკთან კამელია, აზალია ან ჰორტენზიები ყვაოდა, მოვაქანებდი. ბებია გათლილ ჭიქებში ჩაალაგებდა სათითაოდ, დედაჩემის, ნანა ბიცოლას, გრეიტა ნაცვალაძის, ინდირა მამალაძის, მზევიე ჯაველიძის, პელო ვასაძის და იმ ქალების მაგიდებზე ჩამოარიგებდა ვინც, რომ უყვარდა და მიაჩნდა. იტყოდა, "მეივლიენ დილას და ეამებიენ ნენა, ყურადღება პაწაც ესიამოვნება კაცს."
კოლმეურნეობის დაშლამდე იმუშავა ბებიამ..
ოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას მერე, კოლმეურნეობა დაიშალა, სკოლის შენობა დაინგრა ასკანაში და სახელდახელოდ ჩვენმა საშუალო სკოლამ ბორის ძნელაძის სახელობის კოლმეურნეობის "კანტორაში" დაიდო ბინა. თავმჯდომარის კაბინეტში ახლა სასკოლო ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასია. თავმჯდომარის სამდივნოში დირექტორის კაბინეტია გამართული, კომკავშირის მდივნის კაბინეტში სამასწავლებლო. ნეტა ქონდეს ჩემს სოფელს ნამდვილი სკოლა მეთქი გავიფიქრე ჩემთვის..
ამ ბოლო დროს ხშირად ვერ ვხვდები რა ჯობია და როგორ, მაგრამ ეს ასე რომ ჯობია წამხდარ საქმეზე, ვიცი ზუსტად. მაპატიე ჩემო ბებია მარა უფრო სუფთაც მომეჩვენა იქაურობა."

 

ზურა შევარდნაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია