გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაცვლილი პატიმრის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი ციხეში მოკლეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 დეკემბერი 2018

 

ნატანებში მცხოვრები მავლინა რამიშვილი, ირწმუნება, რომ მისი შვილი ციხეში მოკლეს. შეკვეთილი მკვლელობის უკან კი ურეკის პოლიციას და მისი რძლის ოჯახს ადანაშაულებს.

50 წლის ვეფხვია რამიშვილის განზრახ მკვლელობაზე საუბრობს მისი შვილიც, რომელიც პროზექტურიდან გადმოსვენებული მამის ფოტოების მიხედვით ამტკიცებს, რომ ის ე.წ სპიცით არის მოკლული, ტანზე კი რამდენიმე სისხლჩაქცევა აღენიშნება, რომელიც მისივე განმარტებით გვამური არ არის:

„მამაჩემის ფოტოები გადაღებული მაქვს, მოკლული რომ  არის, ამას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. ის  მოკლული ჰყავთ, ე.წ სპიცით და დაცლილია სისხლისგან.

აქვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები. სისხლჩაქცევები.  აქვეს ისეთი ჩალურჯებები, რომელიც არ არის გვამური. გამოგვიგზავნეს გაკვეთილი, არც კი შეგვთანხმებიან რამეზე.  გვითხრეს, რომ ჰაერის უკმარისობითაა გარდაცვლილი და ექსპერტიზა დაადგენს დანარჩენს. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ასე ერთ დღეში გახდა შეუძლოდ და მოულოდნელად გარდაიცავა ჰაერის უკმარისობით? მანამდე რაღაც სიმპტომები მაინც ხომ უნდა ჰქონოდა? ის ვიღაცას მოაკლევინეს. დაველოდები ექსპერტიზას, რა პასუხი იქნება, მერე დამოუკიდებელ ექსპერტს დავიქირავებთ და გვამის ეგსგუმაციაც რომ გახდეს საჭირო, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ სიმართლე დადგინდეს. მე ჩინეთში ვიყავი იმ დროს, როცა მამა გარდაიცავალ. მაშინვე გადმოვფრინდი. ციხის უფროს ტელეფონით ვესაუბრე, ასე უხმაუროდ როგორ მოახერხეთ ყველაფერი, ინფორმაციის დონეზეც კი არ გამოსულა, რომ ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. მთელი ორგანოები ამოცლილი აქვს მამაჩემს. ძალიან უცნაურად ემთხვევა ბევრი რამ ერთმანეთს და ამის დადგენა გვინდა. არ გავჩერდებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ“-გვითხრა გარდაცვლილის შვილმა სოფო რამიშვილმა.

შვილის მკვლელობაში ეჭვი არ ეპარება არც გარდაცვლილი პატიმრის დედას, რომელიც  მისი შვილის მისამართით განხორციელებულ რამდენიმე მუქარას იხსენებს:

„14-ში ველაპარაკე ჩემს შვილს ტელეფონით ქუთაისის ციხეში, 15-ში დამირეკეს და მითხრეს გარდაიცვალაო. მიზეზად ჰაერის უკმარისობა დაასახელეს. წაიყვანეს ექსპერტიზაზე, გაჭრეს და ისე ჩამომისვენეს სახლში. წინ დღით ვესაუბრე და არაფერი მსგავსი,რომ  რამე აწუხებდა, ავად იყო, ან გულის პრობლემა ჰქონდა არ უთქვამს და არც არასდროს შეუწუხებია გულს. მე არ მჯერავს, რომ ის არ მოუკლავთ. რადგან, მანამდეც არა ერთხელ მითხრეს, რომ მას ციხეში მოკლავენ და ამის ტაობაზე გაფრთხილებული მყავდა კიდევ საქმ,ის გამომძიებელი და პროკურორიც. ნიკა მახარაძესთან როცა მივედი და ვუთხარი, ჩემი რძლის ოჯახში არა ერთხელ ითქვა, რომ ვეფხვიას მოკლავენ და ამას სჭირდება გამოძიება, რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე ლაპარაკობენ ესენი ამას. მითხრა-„მასე ადვილი არ არის ციხეში კაცის მოკვლა, იქ დაცული და კონტროლირებადია სიტუაციაო“.

გვიყვება გარდაცვლილის დედა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს, თუ საიდან დაიწყო მისი შვილის წინააღმდეგ მისი რძლის, უმცროსი შვილისა და გამომძიებლის მხრიდან აქტიური ბრძოლა. მავლინა რამიშვილი აცხადებს, რომ გააყალბეს ყველანაირი მტკიცებულება და მეზობლების ჩვენებები სწორედ იმ მიზნით, რომ ვეფხვია ციხეში ჩაესვათ, მერე კი მოეშორებინათ:

„ჩემი შვილი, ციხიდან გამოვიდა 2017 წლის აგვისტოს თვეში. შეწყალებით და იყო პრობაციონერი. ქობულეთში მუშაობდა და კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა სახლში. მისი გამოსვლის დღიდან დაიწყო ჩემი უმცროსი შვილის ცოლის და მისი მშობლების მხრიდან თავდასხმები. აიყოლიეს უმცროსი შვილიც. დეკემბრის ბოლოს, სახლში  სუფრა გვქონდა, ჩემი შვილიც ჩამოსული იყო, იმ სუფრასთან იყო ცოტა კამათი, მამასა და შვილს შორის. უმცროს შვილზე ვსაუბრობ. ეს არ ჩარეულა საერთოდ, უბრალოდ მალევე დამშვიდდნენ. მეორე დილით უმცროსი შვილი წავიდა იმერეთში, ცოლმა გააცილა და როცა ოთახში შემოვიდა მითხრა, პოლიცია გამოვიძახე და ვეფხვიას წაიყვანენო. რატომ, რა დააშავა-მეთქი და ოჯახურ ძალადობაზეო.

მართლა მოვიდა პოლიცია, წაიყვანეს ვეფხვია, დაკითხეს. პოლიციელმა პირდაპირ უთხრა, ან შენ უნდა წახვიდე სახლიდან, ან შენი რძალი, ის გჩივლობსო.

ჩემი რძალი მეუბნება ერთ დღეს, სახლი და მიწა გადამიფორმე და სარჩელს უკან გამოვიტანო. მისი მშობლებიც იქ იყვნენ. დედა ამბობს, ვიღაცას მივცემ 200 ლარს და მოვაკლევინებ მაგას. მამამისი ფეჩთან იჯდა და ლაპარაკობს ასე-მე მოვკლავ მაგას და წავალ ციხეშიო. გადავირიე, რას ლაპარაკობთ-მეთქი. მოკლედ, ზუსტად ვიცი, რომ პოლიციამ გამოიყენა ჩემი შვილის ოჯახი იმისთვის, რომ ვეფხვია ციხეში გაეშვათ. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი შვილი ხშირად საყვდეურობდა ურეკის პოლიციას და ყოფილა ხმამაღალი საუბრებიც. მარტო ძმა ძმას კი არა, ჩემი უმცროსი შვილი მეც დამაპირისპირეს. ხელითაც კი წამოვიდა ჩემსკენ. სასწაულები ხდებოდა ჩემს ოჯახში. ეს ცოლისძმებმა ისე სცემეს ერთხელ, სიკვდილს ძვლივს გადაურჩა. ამის გამო ვუჩივლე მათ პოლიციაში. სარჩელი უკან მოტყუებით გამომატანინეს და ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვეს დაკავებული. იმის გადახდასაც მე მთხოვდნენ ბოლოს“-ამბობს გარდაცვლილის დედა.

მავლინა რამიშვილი მისი შვილის დასაკავებლად გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზეც საუბრობს და გვიყვება, რომ მეზობელები ბვრალდებელმა მხარემ მოწმეებად ისე დაასახელა, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი ჩვენება  წინასწარ დაუწერეს. მას შემდეგ რაც, ქალბატონმა ამაზე ღიად ილაპარაკა და ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენევას არ დათანხმდა, ის მოტყუებით პოლიციის შენობაში ჩაკეტეს და სასამართლოზე მისვლის საშუალება არ მისცეს:

„ერთ ჩემს მეზობელს გამომძიებელმა, მაია თავაძემ ხელი მოაწერინა შეცვლილ ჩვენებაზე. რომ თითქოს ის ვეფხვიას წინააღმდეგ საუბრობდა. ამ ქალბატონმა როცა გაიგო ჩვენება შეუცვალეს, პროკურორს მოსთხოვა სასამართლოზე ეთქვა ის, რაც სიმართლე იყო. იმ დღეს, როცა პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო, დაურეკეს ურეკის პოლიციიდან და იქ მოტყუებით ამყოფეს მთელი დღე, თითქოს რაღაც დეტალებს არკვევდნენ. სამი მეზობელი დაასახელა ჩემმა რძალმა მოწმედ და სამივე მის წინააღმდეგ წავიდა სასამართლოზე. რაც არ მომხდარა, ომას ვერ ვიტყვითო. ბოლოს ისე გამოვიდა, ძმის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ძმამ, რძალმა და ძმისშვილებმა. რადგან ჩემი შვილი პატიმრობაში იყო ნამყოფი, ძნელი დარჩა მისი სიმართლის დამტკიცება, წინასწარ შეკერილ საქმეზე და გაუშვეს ციხეში. ერთი წელი  მოხდილი ჰქონდა და რამდენიმე თვეში უნდა გამოსულიყო და მომიკლეს კიდეც“-ყვება ქალბატონი.

გარდაცვლილის ადვოკატი, რეზო გობრონიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  საკუთარმა ძმამ და მისმა ოჯახმა გაწირა, რადგან იმდენად ორკესტრირებული შეტევა განახორციელა მთელმა ოჯახმა მის წინააღმდეგ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი გახდა, ამ ადამიანს თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა: „თქვენ რომ მოგესმინათ 12-13 წლის გოგოები რა სიტყვებს იყენებდნენ სასამართლო პროცესზე, გაგიკვირდებოდათ, ასევე ძმა, რძალი უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ. საშინელი რამეები მოხდა, მეზობლის ჩვენება გააყალბეს, მერე ამ ქალმა მოითხოვა პროკურატურაში ხელახალი დაკითხვა, რადგან ხელი სხვის დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინეს. სასამართლო პროცესის დროს, დაურეკეს ამ ქალს, მოტყუებით წაიყვანეს ურეკის პოლიციაში და იქ ამყოფეს მთელი დღე, რომ ჩვენება არ მიეცა.  არ ვიცი ეს ყველაფერი რის გამო მოხდა. პრეზიდენტს ჰყავდა დროზე ადრე შეწყალებული, პრობაციონერი იყო, ამითაც მოხდა სარგებლობა და მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაუჭირდა. ასე სამარცხვინოდ გაიმეტეს კაცი და მერე იდგნენ და სამძიმარს იღებდნენ. გაუგონარი რამ მოხდა. ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან ახლა და მერე ვნახოთ გარდაცვლილის დედა და შვილები რას გააკეთებენ.  ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“-გვითხრა გობრონიძემ.

„გურიის მოამბე“ მეორე მხარესთან დაკავშირებას ცდილობს, თუ ისინი ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლას ისურვებენ და თუ ურეკის პოლიციის დეპარტამენტში მომხდარზე განმარტების გაკეთებენ, ჩვენ მათ კომენტარებს მიღებისთანაბე გავავრცელებთ.

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია