გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობა სავალდებულო იქნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2020

2022 წლის 15 სექტემბრისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა ვალდებული იქნება სასწავლო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სივრცე მოაწყოს. შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკითხის მომხსენებელმა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, სამედიცინო სივრცის მოწყობისა და ასევე, სამედიცინო პერსონალის ოდენობის შესახებ სტანდარტი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ და მიიღონ.

მარგველაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მოქმედი რეგულაციით, სამედიცინო სივრცის არსებობა სკოლაში არა ვალდებულება, არამედ ნებაყოფლობითია და ამის გამო, მსგავსი კაბინეტი დაწესებულებების მხოლოდ 23%-ში, 481 სკოლაში ფუნქციონირებს.

 

„ყველა სკოლაში ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქნება ვალდებულება სკოლების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის. ვინ უნდა აწარმოებდეს შემოწმებას, რა სტანდარტით, რამდენი სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს, როგორი იქნება გადანაწილება, ამ სტანდარტს სამინისტროები შეიმუშავებენ. მაგალითად: სადაც 2000 ბავშვია, იმ სკოლაში ექიმი უნდა იყოს, სადაც 10 ბავშვია, ეს ფუნქცია შესაძლოა, სოფლის ექიმმა შეითავსოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, სესიაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება მიმდინარე სესიის ფარგლებში მოესწრება. რაც შეეხება, კანონის დამტკიცებას, ის ვარაუდობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი საკითხის განხილვას საგაზაფხულო სესიაზე დაასრულებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია