სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 დეკემბერი 2018
მაისურაძეების ოჯახში საახალწლო მზადება ახალ წლამდე 10–12 დღით ადრე იწყება, პირველ რიგში აქ ჩურჩხელებს აკეთებენ. ბაქმაზის წვენისგან მომზადებულ თათარაში ბამბის თოკზე აცმულ კაკალს ოჯახის რძალი, ხათუნა გოგოლაძე ავლებს.„ჩვენთვის ახალ წელს განსაკუთრებული დატვირთვა ჩურჩხელას აქვს. ყველას ძალიან გვიყვარს და ბევრს ვავლებთ. წლების წინ დედა აკეთებდა, ახლა მე ვუმზადებ ჩემს შვილებს. ჩვენს ეზოში თუთის ხეები გვაქვს, ზაფხულში ბაქმაზს და ტყლაპს ვაკეთებთ. ბაქმაზის წვენისგან კი ჩურჩხელებს“, – გვიყვება 48 წლის დიასახლისი და თან საქმეს წამითაც არ წყდება. ჩურჩხელების ამოვლების შემდეგ სოფელში ღორი იკვლება. ეს ვალდებულება კაცებს აკისრიათ. დაფასოებულ ხორცს უკვე ქალები ანაწილებენ სხვადასხვა კერძისთვის, ღორის თავს კი შობისთვის ინახავენ.საახალწლოდ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მესხური ფურნე. მუსხში მას ახალ წლამდე ორი–სამი დღით ადრე ანთებენ. 80 წლის ჟუჟუნა ბაბოს შოთის პურის გემო მთელ სოფელში იციან, ქვისგან აშენებულ სქელკედლიან ფურნეში პირველად შოთი და ქადა ხაჭაპური ცხვება, ბოლოს კი სომინი.„ფურნეში ბედის პურებსაც ვაცხობდი, ერთში 20 კაპიკიანს ვდებდი, ვისაც ფული შეხვდებოდა მისთვის მომავალი წელი ბედნიერი იქნებოდა. პირველად პურის ნაჭერს ოჯახის უფროსი იღებდა, ყველაზე ბოლოს კი პატარა,“ - იხსენებს ჟუჟუნა მაისურაძე - "მე ეს ტრადიცია კიდევ მაქვს, ამ ახალ წელსაც გამოვაცხობ“.სოფელ მუსხში ტრადიციებს უფრთხილდებიან. ის რაც ნახევარი საუკუნის წინ მესხების საახალწლო სუფრას ამშვენებდა, დღესაც მზადდება. ბაქმაზის ჰალვა, თუთის ტყლაპი, სომინი პური, ჩირი და ჩურჩხელა 31 დეკემბრის ღამეს ყველა ოჯახში იქნება.არც მეკვლის ტრადიციას ივიწყებენ. მუსხში მეკვლე ყველაზე სასურველი სტუმარია. სოფელში ყველას უნდა, რომ პირველ იანვარს მისი სახლის კარი ფეხბედნიერმა და გულკეთილმა ადამიანმა შეაღოს.„ჩემს ბავშვობაში კარგი ფეხის მქონე მეკვლე ისაკა და გიგლა იყვნენ. ყველას სახლის წინ ჩაივლიდნენ და ილოცებოდნენ, არცერთს დაპატიჟება არ უნდოდა, ისედაც იცოდნენ, რომ ყველა ოჯახში ელოდნენ. ახლა ყველა თავის ახლობელს ირჩევს მეკვლედ. მეკვლეს სიმინდის მარცვლებზე ვსვამთ ხოლმე, მეორე დღეს კი ქათმებს ვუყრით, ბევრი წიწილა რომ გამოჩეკონ. მე ამის მჯერა, თუ მეკვლეს კეთილი გული აქვს, მომავალ წელს ოჯახს წინსვლა ექნება. მეკვლეებს მატყლის წინდებს ვჩუქნიდით, ეს კარგ საჩუქრად ითვლებოდა ადრე, მე ახლაც ვქსოვ და ვჩუქნი ხოლმე “, – ახალ წლის პირველ სტუმარს ჟუჟუნა ბაბოს თბილი წინდები წელსაც ელოდება.თუ მაისურაძეებში ხათუნას ჩურჩხელებსა და ჟუჟუნას შოთებს ეშურებიან, ივანიძეებში ყველა მუსხელმა იცის, რომ გოზინაყი უნდა გასინჯოს. ზაზა ივანიძეს, ახალაზრდა მეფუტკრეს, საუკეთესო გოზინაყი გამოსდის.„15 წელია მეფუტკრე ვარ, 100–ზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. რაც თაფლთან არის დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს. ხშირად ვაკეთებ გოზინაყს და ძალიან გემრიელი გამომდის. ახალ წელს ერთმანეთს გოზინაყით ვულოცავთ. შემდეგ აუცილებელი ტრადიცია გვაქვს ხორბალს და სიმინდს გავიტანთ და საქონელს შევაჭმევთ, იმისთვის, რომ დოვლათის და ბარაქის მომტანი წელი იყოს“.ზაზას ეს ტრადიცია პაპა–ბაბოსგან მოჰყვება: „ისინი აკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა ცრუ–რწმენების, მაინც თავისებური ხალისი აქვს“.მუსხში საახალწლო ნაძვის ხეს სხვადასხვა დროს დგამენ. ეკატერინე ერაძის ოჯახში დღესასწაულის ყველაზე მთავარი ატრიბუტი, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე ირთვება.„ტრადიცია გვაქვს, მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ ნაძვის ხის მორთვაში. ეს პროცესი ჩემს პატარა შვილებს მაინც განსაკუთრებულად უხარიათ“ – ეკას პატარებს ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრებიც არანაკლებ ახარებთ, - „ადრე ხეზე კანფეტებს კიდებდნენ და ხის ძირში კი ტკბილეულს დებდნენ. ახლა ნაძვის ხის ქვეშ ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები საჩუქრებს ვაწყობთ“.სოფელში მცხოვრებ სამასზე მეტ ოჯახს განსხვავებული სამზადისი აქვს, თუმცა მუსხის საშობაო ტრადიცია ყველასთვის ერთნაირია - შობის ღამეს ღორის თავს ხარშავენ, ტკბილეულით სავსე ტაბაკზე სანთელს ანთებენ და ასე ელოდებიან დღესასწაულის დადგომას.„იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შევიდეს იესო ქრისტე და დაილოცოს აუცილებელია სანთელი ავანთოთ. შემდეგ უკვე ყველა ერთად ეკლესიის ეზოში მივდივართ, ყველას შეშა მიგვაქვს და ანთებული ცეცხლის გარშემო ვცეკვავთ და ვმღერით. ბავშვობაშიც ასე ვხვდებოდით შობას და ახლაც ასეა“, – ეკლესიის ეზოში, შობის ღამეს, კოცონთან ცეკვა-სიმღერას, რომელზეც ჟუჟუნა ბაბო გვიყვება, მუსხში ქუთუკობას ეძახიან. ადგილობრივები ქუთუკს იმ შეშას უძახიან, რომელსაც ბევრი როკი აქვს და არ იჩეხება. ამისთვის სპეციალურად ემზადებიან, მუსხელები ურიკით, მანქანით და ხელით ეზიდებიან ქუთუკს ეკლესიის ეზოში. ექვს იანვარს შუადღის ლოცვის შემდეგ იწყება მზადება. ანთებული კოცონის გარშემო ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში მხიარულობენ. მსგავსი ტრადიცია აქვთ აღდგომასაც.80 წლის ჟუჟუნა მაისურაძე თავის პირველ ქუთუკობას ძველ მუსხში შეხვდა: "ბავშვი ვიყავი, როდესაც ქუთუკობაზე დედამ წამიყვანა, დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება, ნეტავ იმ დროს. წესი იყო ახალი პატარძლები ღამისთევაზე ნათლიას უნდა წაეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში უკრავდა დოლ–გარომონი და ცეკვა–თამაში დილამდე გრძელდებოდა. ახლაც ასეა, სოფლის ცენტრში გვაქვს ახალი ეკლესია და ვაგრძელებთ ტრადიციას“.მუსხში მესხები გასული საუკუნის 50–იან წლებში ძველი მუსხიდან გადმოსახლებულან. მიუდგომელი სოფელი იყო და ამიტომაც დაიცალაო, იხსენებენ ხანდაზმულები. იხსენებენ იქ დღემდე შემორჩენილ მიწურ სახლებსაც, რომლებშიც ოდესღაც ასევე ფუსფუსებდნენ, ავლებდნენ ჩურჩხელას, აკრავდნენ შოთებს, იმარაგებდნენ შეშას ქუთუკობისთვის და რომლებშიც, წლიდან წლამდე, მესხური საშობაო ტრადიციები იბადებოდა. [თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია