კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2022

საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

„მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტი.

„ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

განათლების სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია