გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე რომ მოვკვდები შენ მეცოდები, უჩემოდ რაფერ იქნები, ჩემსავით ვინ მოგხედავს"...

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2019

-სერაფიონ...სერაფიონ...

-რა იყო მართა, ხომ ხარ კარგად?

-კი, კი. ვფიქრობდი აგერ ჩემთვის რაცხას. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, ბევრს... სევდა შემომაწვა ნამეტანი. დავბერდით ჩემო სერაფიონ, დავბერდით და მოვლა-პატრონობა გვჭირდება უკვე.

-მერე შე ქალო, მაგისთვის ახლა არ გაგეღვიძებინე, ხვალ ვერ მეტყოდი მაგ ყველაფერს, თუ გარბოდი სადმე?

-რავიცი ჩემო სერაფიონა, ხვალ იქნება ვერც გევიღვიძო და ვიფიქრე ახლა ვეტყვი სათქმელსთქვა.

-გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს, ნუ ბჟუტურობ რაცხას დედაკაცო. რა დროს სიკვდილია ჩემო მართა. ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ და არ გაგვწირავს ღმერთი, ნუ გეშინია.

- რავიცი ჩემო სერაფიონ, ამ ბოლო დროს სულ მკვდრები მესიზმრებიან, ყველა იქით მიხმობს და გლახად მენიშნა ეს ყველაფერი.

-მერე, მაგან შეგაშინა შემოგევლე? რაც მე მკვდრები დამსიზმრებია ჩემო მართა, გამოდის ჩემი ძვლებიც აღარ უნდა იყოს უკვე. ნუ ფიქრობ მაგაზე, მოდი რამე კარგი გეიხსენე.

-სერაფიონ... სერაფიონ...

-გისმენ ჩემო მართა, გისმენ.

-გახსოვს, პირველად რომ დამინახე რაფერ შემომაფეთე მაი დიდვრანი თვალები, ისე შემრცხვა, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი სირცხვილით და ჩემს ამხანაგ ნინას ამოვეფარე..მერე, ის თუ გახსოვს ჩემი გულისთვის გოგია, რომ სცემე, ყველა გაფრთხილებული გყავდა მაგ გოგო მე მიყვარს და ვაგლახად არავინ არაფერი გოუბედოსო. მეც მიყვარდი და ვითომ არ ვიმჩნევდი.

-კაი იყავი მართა, კაი, მარა არც მე ვიყავი ურიგო ვაჟკაცი.

-მართალი ხარ ჩემო სერაფიონ, მართლა კაი ვაჟკაცი იყავი, ყველასთვის მისაბაძი. რამდენი რამ გამევიარეთ ერთად, რამდენი გაჭირვება, რამდენი ტკივილი ვინ მოსთვლის, სიხარულიც და ბედნიერებაც ბევრი გვქონდა. სამი ვაჟკაცი გოუზარდეთ ქვეყანას, პატიოსნად დავზარდეთ, შენ საუკეთესო მამა იყავი. არაფერი მოგიკლია ჩვენთვის, რაც შეგეძლო ყველაფერს აკეთებდი.

-მართლა ხომ არ მემშვიდობები შე ქალო, თუ რაშია საქმე?

-არვიცი სერაფიონ, მარა მინდოდა მეთქვა ეს ყველაფერი შენთვის. ნამეტანი გლახა ყოფილა სიბერე ჩემო სერაფიონ, ნამეტანი. სანამ კარგად ხარ, ძლიერი ხარ და შეგიძლია, მაშინ ყველას უნდიხარ, როცა დაუძლურდები და არაფერი შეგიძლია არც არავის ჭირდები, ყველას უჭირს შენი მოვლა, არავის შენთან გაჩერება არ უნდა, ზოგჯერ დამლაპარაკებელსაც ნატრობ, მარა არ სჩანს. ის შვილებიც გაგირბიან, იმათაც მისი ოჯახები ექაჩებიან, თავიანთი პრობლემები აქვთ, ცოდოები არიან, სულ ჩვენ ვერ დაგვიჯდებიან აქ, იმაზეც მადლობელი ვარ რასაც გვიკეთებენ. რაზე ვფიქრობ კიდევ იცი? ჩვენ, რომ მოვკვდებით და კერია სამუდამოდ ჩაქრება, კარს არავინ შემოაღებს, ეს მიკლავს გულს მეტი არაფერი.

-ნუ ფიქრობ და დარდობ ამდენს მართა. ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი. მოხუცი უნდა მოკვდეს, ახალგაზრდამ უნდა გააგრძელოს სიცოცხლე. ასეა ეს.

-კი სერაფიონ მაგი მასეა, მარა, სოფელი აღარავის უნდა შე კაცო, აღარავის. უკვე რამდენი კარი გამეიხურა, ყველა ქალაქში გარბის, მიწაზე მუშაობა არავის უნდა, ეზარებათ. ასე ხომ ყველაფერი განადგურდება და მეისპობა. ასე სოფლები გადაშენდება და ეს მადარდებს ძალიან.

-კაი ახლა მართა დამშვიდდი და დევიძინოთ, დანარჩენი ხვალ ვილაპარაკოთ.

-სერაფიონ, მე რომ მოვკვდები შენ მეცოდები ყველაზე მეტად, უჩემოდ რაფერ იქნები, ჩემსავით ვინ მოგხედავს და მოგეფერება მერე..

-მაგი არ იჯავრო შენ, მოვნახავ ვინმეს, ქვრივი ქალების მეტი რაა ამქვეყნად...

-შენ ხუმრობ და მე მართლა გეუბნები.

-ჰო, კაი ახლა, მორჩი ამ სიკვდილზე ლაპარაკს და დევისვენოთ, გვიანია უკვე, სადაცაა დაგვათენდება.

-კარგი ჩემო სერაფიონა, კარგი გენაცვალე, ხომ იცი რომ ძალიან მიყვარდი და გაფასებდი ყოველთვის, თავს გაუფრთხილდი იცოდე, თაავს...
ღამე იყო ჩუმი, წყნარი, გარეთ ლამაზად თოვდა. მარტო მთვარეს არ ეძინა და ხარბად ეთამაშებოდა თოვლის ფიფქებს. გამთენიის ხანს სერაფიონი ძაღლის ყმუილმა გააღვიძა, ცუდად ენიშნა მოხუცს ძაღლის ტირილი. დიდხანს ეძახდა მართას, მაგრამ მართას უკვე აღარაფერი ესმოდა...

https://digest.pia.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია