სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2019
31 წლის ქალი, რომელიც ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდანაა, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 22 დეკემბრის ღამით გარდაიცვალა. ბინის მესაკუთრე იხსენებს, რომ შემთხვევის ღამეს საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, - „ხმაურიც კი არ გამიგია. ხუთი თვის წინ იქირავა ჩვენთან ოთახი. ისე შედიოდა და გადიოდა ვერაფერს ვიგებდით. იმ ღამით, დაახლოებით, 12:00 საათზე, კარზე ძლიერი ბრახუნით გაგვაღვიძა მისმა მეგობარმა კაცმა, გვითხრა გოგო კვდება და სასწრაფოს გამოუძახეთო, მე შიგნითაც კი არ შემიხედავს, მაშინვე მეზობელთან გავვარდი და სასწრაფოს დავურეკეთ.“სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაახლოებით ღამის 02:00 საათზე სამართალდამცველებმა შემთხვევის შესახებ ოჯახს შეატყობინეს. მოგვიანებით, ახალციხის პროზექტურაში მისულ მამას შვილის სიკვდილის მიზეზებზე მხოლოდ ის უთხრეს, რომ ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს უნდა დალოდებოდა, - „გამომძიებელმა მითხრა, რომ სავარაუდოდ ნასვამი იყო. ახლა ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს, რა მოხდაო“. ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ოჯახი, რომელიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თვის ბოლოსთვის ელოდება, იხსენებს, რომ პირველი ეჭვი მკვლელობაზე მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შინ მისვენებულ ცხედარს დაზიანებები შენიშნეს. „ის თავს არ მოიკლავდა. ცხედარს ტანზე დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები კი ჩამტვრეული. როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა იმ ღამეს იმ ბიჭთან ერთად იყო. ვიცი, რომ იმან მოკლა“, – ამბობს გარდაცვლილის დედა. „ორი წლის წინ, ნოემბრის ღამეს, ჩემი შვილი გულგახეთქილი მოვარდა, თურმე ის კაცი სახლში მივარდნია და უცემია, ეს ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა ახლა მითხრა, როცა დედა მოუკვდა. ერთხელ კიდევ, ღამე ჩემი გოგო სასეირნოდ გავიდა, იმან კიდევ დაარტყა და ტელეფონი წაართვა. მაშინ მობილური პოლიციის ძალით დავიბრუნეთ, მაგრამ არ ვიჩივლეთ და ცემის ამბავიც დავმალეთ“. დედის ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებს შორის არ ჩანს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი. ქალის ყოფილი მეუღლე ტელეფონის დაკარგვას მის მეგობარს უკავშირებს, - „ეს ადრეც გააკეთა, ორი წლის წინ ჩემს მეუღლეს დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ვიცი, რომ იმ ღამეს ჩემს ცოლს ტელეფონი თან ჰქონდა, რადგან ბოლოს ღამის ათ საათზე ელაპარაკა სოფელში უფროს შვილს“.ის იხსენებს, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ძალადობის ფაქტების შესახებ ქალს მისთვის არასდროს მოუყოლია, - „ჩემთან არ უთქვამს, რომ ვინმე აწუხებდა, ან სცემდა. ბოლოს 17 დეკემბერს ველაპარაკე და მითხრა როდის ჩამოდიხარ დალაპარაკება მინდაო. შერიგებას ვაპირებდით“. კაცი, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი 31 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებს, პოლიციამ უკვე დაკითხა. იგი ადასტურებს, რომ ქალის გარდაცვალების ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა. „მის გადარჩენას ვცდილობდი, მე დავუძახე ბინის მეპატრონეს, რომ სასწრაფო გამოეძახებინა, მე ვშველოდი. რა ჭირდა ამას ვერ გეტყვით. გამოძიება დაადგენს“, - „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სასწრაფოში დარეკვამდე და რატომ გახდა სასწრაფოს გამოძახება საჭირო, ის არ პასუხობს. არ საუბრობს არც გარდაცვლილის დედის მიერ მოყოლილ ძალადობის ფაქტებზე. ამბობს, რომ გამოძიებას ყველაფერი უამბო.„საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია