ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 9 თებერვლიდან - 9 მარტამდე ლარი 16%-ით, 50 თეთრით გაუფასურდა. მან ლარის მერყევი კურსის გამო ეროვნულ ბანკს კითხვით მიმართა, თუ რა დამამშვიდებელი ინტერვენციები გააკეთა ამ პერიოდში.
„ამ ერთი თვის განმავლობაში გაუფასურებას მოსდევდა გამყარება, ისევ გაუფასურება, ადამიანები დარბოდნენ და სიმწრით ნაშოვნ ლარებს ახურდავებდნენ, განიცადეს უზარმაზარი ზარალი როგორც ფირმებმა, ასევე ჩვენმა მოქალაქეებმა. და ამ ერთი თვის განმავლობაში ისიც კი ვერ მოაფიქრდა ეროვნულ ბანკს, რომ საჭირო იყო უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რაღაც დამამშვიდებელი ინტერვენციის გაკეთება.
მე მივმართე ეროვნულ ბანკს, კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული ჩემი უფლებით და მოვითხოვე, ამ ორი თვის განმავლობაში რომელ დღეს აკეთებდნენ ფარულ ინტერვენციებს, რომლის უფლებაც მათ აქვთ. ეს არის პატარ-პატარა ინტერვენციები, რომლითაც დღიური კურსის მერყეობა შეგიძლია და რამდენად სწორად იქცეოდნენ.
მათ ეს ინტერვენციები გააკეთეს, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით აქვეყნებენ ასეთ ინფორმაციას, მხოლოდ თვის ჭრილში. მაგალითად, მარტში ორნახევარი მილიონი დოლარი გაყიდეს, მაგრამ არა დღეების მიხედვით. დღეების მიხედვით ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, იქცეოდნენ თუ არა პროფესიონალურად. ამავე დროს, ხომ არ იყო რაიმე სახის მანიპულაციები, რომლებიც ხელს უწყობდა კუსის რყევას ბაზარზე და შეგნებულად თუ შეუგნებლად ვიღაცეების მიერ ჯიბის მოთბობას.
ახლა მივმართავ ეროვნულ ბანკს, რაც მომაწოდეთ, ეს არის ღია ინფორმაცია. ვიმეორებ, მომაწოდეთ ყოველდღიური ინფორმაცია, რა ინტერვენციები განახორციელეთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.