იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპაში არ მიგიღებთო, ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ - მეუფე იოანე

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2022

ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული შეთავაზებები საქართველოსთვის მიუღებელია.

“ისეთი რამ შესთავაზეს ქართველ ერსა და ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი ექნებათ, ევროპაში როგორ შემოვიშვათ თქვენო, როგორი ჩამორჩენილები ხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები?! ისინი?! მაგრამ გააჩნია, რომელ გზაზე ჩვენ ჩამოვრჩით და რომელ გზაზე ევროპელები წარმატებულნი არიან. ჩვენ გვეუბნებიან ამაზე უარი თქვითო. ახლა ევროპული ღირებულებებია, ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს?! ევროპული… მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული იყოს, სამხრეთ ამერიკული, ჩრდილო ამერიკული… ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება?! ისიც ხომ კონტინენტია?! რა ღირებულებებზე მელაპარაკებით? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ ქრისტიანული როცა იყო?! თუ, როცა კათოლიკეები ინკვიზიციით რომ წვავდნენ ადამიანებს კოცონზე?! რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ?! რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! დღევანდელი ევროპის ღირებულებებზე?! მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოთვალოთ: დამპყრობლობა – აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს; კარგი, დაიპყრეს და აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან ათ მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ეს არის ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს… ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად?! ეს ხომ რასიზმია უკვე. საიდან წამოვიდა ათეიზმი? – ევროპიდან. ფაშიზმი? – ევროპიდან. მსოფლიო ომები? – ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ?! ამიხსენით, რას გულისხმობენ?! უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის, ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტა ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრო?! და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე?! ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ, შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემის შეწყნარება არ შეიძლება. ეს არის დემოკრატია?! რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სოკრატეს, ალკიბიადეს თუ ვისი?"-განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, საქართველო დღეს არჩევანის წინაშე დგას.

"ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევნის წინაშე, გავაგრძელოთ ქრისტეს გზა, ამ გზით ვიაროთ თუ წარმავალ რაღაც ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპულს ეძახიან?! ევროპაში მრავალი ღირებულება იყო და დღესაც არის. რომელზე? ეს ერის პოლიტიკური ღირებულებები და არა ზნეობრივი, არა სარწმუნოებრივი და არა ქრისტიანული. მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ. ჩვენ არ ვიყავით რასისტები, ჩვენ არ ვიმონებდით ვინმეს, ჩვენ არ ვართმევდით ტერიტორიებს არავის, ჩვენ მონების ყიდვა არ გვქონდა დაკანონებული… ჩვენ ყოველთვის ვიყავით მსხვერპლი, მსხვერპლი ღვთისათვის შეწირული ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. და დღეს ე.ი. რა ავირჩიოთ?! ვარსქენის გზა ავირჩიოთ?! თუ რომელი?!”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია