ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიაში ბესელიას და კობახიძის დაპრისპირება სახელმწიფოებრივად საინტერესო არ არის და ამიტომაც ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი იქით უნდა იყოს მიმართული, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილი რა გადაწყვვეტილებას მიიღეებს. ფიქრობს, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა ძალიან მარტივია და მას არარსებული ერთიანობის შენარჩუნება სურს. ცდილობს, რომ ამ ადამიანების თანაცხოვრების ზიზღის ფორმულა იპოვოს და როგორმე მათი ერთად ყოფნა გაახანგრძლივოს.
ხუხაშვილი კახი კალაძის და „ყაზტრანსგაზის" ირგვლივ ატეხილ სკანდალსაც ეხმაურება და ქალაქის მერს მოუწოდებს, რომ ყველა არსებულ კითხვას დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხები გასცეს. ის კალაძეს ურჩევს, რომ გაიხსნას კომპანიის ოფშორში დაფარული მეპატრონის ვინაობა, რადგანაც ეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული და ამ თემაზე მის წინააღმდეგ სპეკულაციები ყოველთვის იქნება.
"რაც სხდომაზე ხდებოდა, ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა, რომ მან გუნდის შენარჩუნება შეძლოს, ბოძი შეუდგას ან რამე გასამაგრებელი საშუალება, რომ გუნდი არ წაექცეს და დაეშალოს. ახლა მთავარი საკითხავი ის არის, ქართული სახელმწიფოსთვის აქედან რამე პოზიტიურის უნდა ველოდოთ თუ არა? ჩემი აზრით, კარგი არც არაფერი იქნება. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, პარტიას ბესელია ან ფოფხაძე დატოვებენ თუ დარჩებიან? ჩვენ ახლა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონირება თუ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ.
სხვა რა გზა აქვს ახლა ივანიშვილს, იძულებულია, რომ 2020 წლისთვის ამ გუნდით არჩევნებამდე როგორმე მივიდეს. უკეთესი არა აქვს, რაც აქვს იმის შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის მისი შემოქმედების ნაყოფი და რა ქნას, მას უნდა მოუაროს. როდესაც რაღაც ზიზღზეა აშენებული, დაპირისპირებები ყოველთვის ამოფეთქავს. „ოცნება" ძალიან ჰგავს იმ ცოლ-ქმარს, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ვიღაცამ სახლში იმ პირობით შეასახლა, რომ ერთად უნდა იცხოვრონ. ასეა ამ პარტიის საქმეც, მანამდე ეცდებიან ერთად ცხოვრებას, სანამ ივანიშვილი მათ გარეთ გარეკვას არ მოისურვებს", - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".
მისივე თქმით, ივანიშვილისთვის 10-კაციანი სიის შეჩეჩება მოხდა, რადგანაც მან ამ მოსამართლეების სახელის და გვარების უმეტესობა არც იცის ვინ არიან. მისი აზრით, აქ მოსამართლეების ვინაობას კი არა აქვს მნიშვნლობა, არამედ აქ მთავარი ალგორითმია, ვისი ვერტიკალის ქვეშ უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა. რა პირობით შეუთანხმეს მას ეს სია. უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა პოლიტიკური ვერტიკალის ქვეშ თუ თავისუფალი სასამართლო სჭირდებოდათ.
„ტექნიკურად ვფიქრობ, რომ ეს სია კობახიძემ და მისმა ჯგუფმა შეადგინა და შემდეგ მიიღეს ვიზა, პარლამენტში კი როგორც დავალება ისე მიიტანეს. პირადად ივანიშვილი რომ ამ სიას არ დაწერდა ეს კარგად ვიცი. რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ვინ იქნებოდა ამ სიაში, მთავარი ალგორითმი ის ყოფილიყო რაც მას უნდოდა. სასამართლო იყოს ისეთი როგორიც მას უნდა და თუ უნდათ ჩინჩალაძე კი არა ვინმე ქიბროწაშვილი ჩაწერონ", - აცხადებს „რეზონანსთან" ხუხაშვილი.
როდესაც ადამიანი ისეთ თანამდებობაზე ხარ, რა თქმა უნდა, მზად უნად იყო, რომ შენს წინააღმდეგ გარკვეული სპეკულაციები იქნება. სხვა საკითხია, თავად კალაძე დასმულ კითხვებზე რამდენად ხარისხიან პასუხებს სცემს. „ყაზტრანსგაზის" თემა ნამდვლად სკანდალურია, რადგანაც ეს კომპანია ბუნებრივი მონოპოლიაა, ანუ სტრატეგიულო ობიექტია. შესაბამისად თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ვინ არის მისი მფლობელი.
კალაძემ ამ ინფორმაციის გახსნა თავად უნდა მოითხოვოს. საერთოდ ჩვენ მარტივი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ, ყველას ქონების ფლობის უფლება აქვს, მაგრამ როდესაც ადამიანი ჩინოვნიკი ხდება და პოლიტიკაში მიდის, მისი მთელი ბიზნესაქტივობა ღია უნდა იყოს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამატებით კითხვები არ ჩნდებოდეს. არ იყოს ეჭვი, რომ მთელს სახელისუფლო ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის იყენებს. როდესაც ეს სტანდარტი დამკვიდრებული იქნება, კითხვებიც ნაკლები დაისმება. ამ შემთხვევაში კალაძეს ვთხოვდი, რომ მოუწოდოს „ყანზტრასგაზს" ინფორმაცია გახსნას და ვინ არის მისი რეალური მფლობელი გავიგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მას ცუდად შემოუბრუნდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მისი რეალური მეპატრონე. იქნებ პუტინის არის, ვიცით? იქნებ „გაზპრომი" რომელიმე თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით ჩვენს დისტრიბუციის ქსელს ფლობს? ის იყო ენერგეტიკის მინისტრი და იცის ამ სფეროში რა სახის საფრთხეებია ჩადებული. თუ ის ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, რომ კითხვები დაისმება. უბრალოდ ჩინოვნიკი კომპეტენტურ პასუხებს უნდა იძლეოდეს და არ უნდა ბილწსიტყვაობდეს. არამედ ამ კითხვებზე თმენის და კომპეტენციის პირბებში უნდა პასუხობდეს.
მოჭიდავეების თემა საქართველოში ზოგადად ძალიან მძიმე თემაა. ისინი ხელისუფლებასთან ყოველთვის ასოცირდებოდნენ. მათ ყოველთვის გარკვეული მიზნებისთვის ყველა ხელისუფლება დამრტყმელ ძალად იყენებდა. არ ვიცი კალაძის და გეგეშიძის მეგობრობის ამბები, თუმცა ზოგადად სპორტსმენების განცხადებები სრულიად მიუღებელი იყო.
ამ კუნთმაგარ ბიჭებს მებრძოლ ხორცად იყენებენ და ეს ძალიან სამწუხაროა. მოჭიდავეების მენტალიტეტი და არასერიოზული განცხადებები, რომ რა მოხდა, შეხლა- შემოხლას ჰქონდა ადგილი და ვიღაცას მოხვდა. მერე ოჯახში უნდა დაალაგონ ეს ამბავი. ასევე, ქვეყანა დაინგრევა მათ გარეშე და ათასი აბსურდი, რა თქმა უნდა, მძიმე მოსასმენია და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ტატამის მიღმა შეხლა-შემოხლა დასჯადია, როგორც ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში ხდება.
არ მგონია მეთოფიშვილის უკან ვინმე იდგეს. ეს უბრალოდ საკმაოდ ტრაგი-კომიკური ფიგურაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან ამ სისტემაში მუშაობს და მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია. მისი ქცევა ასეთ გამოთქმას მაგონებს - თუ თოფი სცენაზე კიდია ბოლო მოქმედებაში ის გაისვრის. რაღაც მსგავსი ასოციაცია მიჩნდება მისი განცხადებების შემდეგ. მან თავისი მოღვაწეობის ბოლო წლებში წაღმა-უკუღმა სროლა დაიწყო. ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან, რაღაც განცხადებებს აკეთებს. მეთოფიშვილი მინდა დავამშვიდო, რომ მას პირადად არავინ ერჩის და აქ სასამართლო სისტემის ცვლილებაზეა საუბარი და ის პიროვნულად არავისაც არ აინტერესებს.