შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ მოატყუებთ საკუთარ შვილებს...სწავლა შრომა და ბრძოლაა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2019

"კამათი გამოცდების ავკარგიანობაზე ალბათ უსასრულოდ გაგრძელდება. ულტრალიბერალები იტყვიან რომ გამოცდები სისულელეა და სტრესია ბავშვებისთვის; კონსერვატორები პირიქით. 

ერთნი მაგალითად მოიყვანენ ფინეთს, სადაც არც გამოცდებია, არც საშინაო დავალება, მაგრამ არც დიდი მეცნიერი ან მწერალი გაზრდილა ამ ბოლო ხანებში და ნობელის პრემიასაც მშვიდობის დარგში იღებენ მხოლოდ.
ფაქტი კი ერთია. გამოცდები ცხოვრების რეალობის იმიტაციაა, ანუ სიმკაცრის და დაუნდობლობის. ვინც ამ რეალობას ითავისებს და წარმატებით ძლევს, ის იმარჯვებს. ვისაც ამ ყველაფრის გვერდის ავლა სურს და სტრესებისაგან იზოლირებულად აღზრდა, ყალიბდება ე.წ. სტერილურ "ფაქიზოდ", რომლის წარმატების შანსი რეალურ ცხოვრებაში ნულოვანია ( ცხადია ერთეულ მუტაციურ გამონაკლისს არ ვგულისხმობ ). 
მაგალითად შემიძლია ამერიკული საშუალო კლასის შეძლებული ოჯახების შვილები მოვიყვანო, რომლებიც კოლეჯებში და უნივერსიტეტებში ფოტოგრაფიის, ანთროპოლოგიის და მსგავსი "სპეციალობების" კომფორტულად "შესასწავლად" მიდიან, მაშინ როდესაც ემიგრანტებისა და დაბალი ფენის ოჯახების ნიჭიერი შვილები კბილებით იბრძვიან ურთულესი გამოცდების ჩასაბარებლად, რათა მზის ქვეშ ადგილი დაიმკვიდრონ. 
წარმატების საწინდარი მოტივაციაა; მოტივაცია კი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძალიან გეზიზღება ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლის წარმატებული მეომრები მხოლოდ ომის სტრესებში იზრდებიან. ამ სტრესებს კი მიჩვევა სჭირდება, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ნუ მოატყუებთ საკუთარ შვილებს. სწავლა კომფორტული და სასიამოვნო პროცესი არ არის და არც უნდა იყოს. სწავლა შრომა და ბრძოლაა. ეს მათ უნდა იცოდნენ და ამ ცოდნით უნდა დაიწყონ ცხოვრება"-ასე აფასებს ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას საატესტაციო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

ასევე, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია