გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ხუხაშვილი NDI-ს კვლევაზე - სამწუხარო სურათია, ყველა მანკიერებამ მოიყარა თავი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ხოლო ნდობისა და არსებული ვითარების გამოსასწორებლად უმნიშვნელოვანესია ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება.

გია ხუხაშვილმა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დღეს გამოქვეყნებული შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ მივიწყებული კორუფციის თემა კვლავ აქტუალური ხდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

„დღეს, ფაქტობრივად, ყველა მანკიერებამ თავი მოიყარა ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან სახიფათო ზღვარზეა. გაჩნდა სრულიად ახალი ელემენტი - კორუფცია. საქართველოში კორუფციის თემა უკანა პლანზე იყო გადასული და ამ თემამ წამოიწია, ეს განცდა დაბრუნდა ქართულ საზოგადოებაში, რაც ძალიან ცუდია. გარდა ამისა, მთლიანად პოლიტიკური ელიტისადმი ნდობა ძალიან დაბალ დონეზეა. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას აქვს პრეტენზიები, თუმცა მეორე მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში მის ალტერნატივას ვერ ხედავს ანუ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით გარკვეულწილად სერიოზული ვაკუუმია გაჩენილი, რისი შევსების გარეშეც შესაძლოა, პროცესები ძალიან სახიფათოდ განვითარდეს. სამწუხარო სურათია. სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტური თემებია სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივა, სამართლიანობისა და კორუფციის თემა. სამივე ამ კუთხით გვაქვს კლებადი დინამიკა. საზოგადოიებაში იზრდება სკეპტიციზმი და ამ ყველაფრის შემმოსავი პოლიტიკური ელიტა არ ჩანს, მთლიანობაში კი, ეს არის ძალინ მძიმე სურათი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გამოსავალს, პოლიტოლოგის მოსაზრებით, პირველ რიგში, უნდა დაბრუნდეს ნდობა, ვინაიდან ნდობის გარეშე, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ რაღაც გააკეთოს, არაფერი გამოვა. მისივე თქმით, ნდობის დაბრუნება შესაძლებელია სისტემურ პრობლემაზე სისტემური პასუხით.

„ძალის და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. გასაგებად რომ ვთქვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება. მისი გაპრემიერების გარეშე ნდობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, სანამ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი არის „სახელით პრემიერ-მინისტრი“, მანამდე ნდობის აღდგენა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივაც, ივანიშვილის პოლიტიკიდან მთლიანად გასვლა უფრო დამაზიანებელი ინება იმიტომ, რომ არ არსებობს ალტერნატიული ცენტრები. შესაბამისად, უმჯობესია, რომ მან ფორმალურად იტვირთოს ის პასუხისმგებლობა, რასაც მას საზოგადოება ისედაც აკისრებს. მისი როლის ფორმალიზების შემდგომ დაიწყოს სისტემური რეფორმირება, როგორც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების, ისე ეკონომიკური გავითარების სისტემური პროექტები და არა კოსმეტიკური, რასაც ვუყურებთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია