გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვკვდებით – მეტი რაღა?!.."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019

ქართველებს სამი საბედისწერო გამოწვევა გვიდგას: 1. სამართლიანობა და დემოკრატია; 2. ეკონომიკური გაჭირვება; 3. რუსული ოკუპაცია.

1. დავიწყოთ პირველით. მხოლოდ სამართლიანი სახელმწიფოს პირობებში შეიძლება ადამიანი მეტნაკლებად ბედნიერი იყოს. ჩვენში კი შსს და ,,სუსი“ ბატონობს: თვალთვალი, მოსმენა, ცენზურა, შანტაჟი თუ დაშინება – ეს ყველაფერი რიგითი ტელენიუსებია. ურჩების დასაშინებლად მოჭიდავეების ზონდერ ჯგუფებია შეკაზმული…

სასამართლო? მხოლოდ მცირე ჩამონათვალით შემოვიფარგლები: რუსთავი 2-ს მიტაცების, აფგან მუხტარლის ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარების, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მკვლელობების – წლობით დაობებული საქმეები რად ღირს?
ოფიციალური სტატისტიკითაც მძიმე დანაშაული ლამის გაორმაგდა, ნარკოტიკებმა ჩვენი შვილების თაობა წალეკა, თითქოს წარსულს ჩაბარებული მექრთამეობა ყვავის.
რომელ სასამართლოზეა საუბარი, დღესაც უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის გარშემო გამართულ ცირკს ვერ გავცდით?
რომელ დემოკრატიას ვახსენებთ იქ, სადაც არჩევნები ტოტალურად ყალბდება?
საერთოდაც, რომელ სახელმწიფოზე ვიღებთ ხმას იქ, სადაც მინისტრი, პარლამენტარი თუ ბანკირი ყურმოჭრილი მონასავით ერთი ხეპრეს ბრძანებას ელოდება? პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტა პერიოდულად შეკრებებს აწყობს, რომ ,,პახანის“ ბრძანებები მოისმინოს. დიადი გამობრწყინვებები არც იმალება და პირიქით, ბელადის სიბრძნის საჩვენებლად ტელევიზიით შუქდება…
მეტი რაღა?!
2. ეკონომიკა. აქ ციფრები ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ცხადია: უმუშევრობა, ფასები და დოლარის კურსი… პენსია – 200 ლარი, მოსახლეობის 70% სიღარიბეში იხრჩობა, ასიათასობით თანამემამულე სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და შიმშილს ებრძვის!
სამ-ნახევარ მილიონიანი ერის მილიონი მოქალაქე ემიგრაციაშია, დანარჩენი ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს. მეც, რომ არა ემიგრანტების უანგარო დახმარება, ცენზურის გამო წლების წინ ამომძვრებოდა სული შიმშილით…
მეტი რაღა?!
3. რუსული ოკუპაცია. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც… მავთულხლართები, საზღვრების გადმოწევა და თანამემამულეთა გატაცება…
დაპყრობილი ქვეყნის მთავრობას, თუ ცივილიზებულმა სამყარომ ოკუპაციის ფაქტი არ შეახსენა ან თუ მისი მოქალაქე არ გაიტაცეს, ამ ტრაგედიისთვის არც სცალია… თუ იქეთ გადასულ ქართველს სეპარატისტები არ მოკლავენ და მხოლოდ გამოსასყიდს დასჯერდებიან, ეგეც კარგია…
მეტი რაღა?!
მაშ ასე, პრობლემები ჩამოვთვალეთ… არცერთი ადგილიდან არ იძვრის, პირიქით, ყოველდღიური გაუარესებაა… ცხადზე ცხადია – ჩვენ ჭაობში ვიხრჩობით…
ვისაც გნებავთ, იტყუეთ თავი: ყველა დებატი, ნიშნის მოგებით საუბრები, ,,ნაცისა“ და ,,ქოცის“ წამოძახება, არჩევნები, მესამე ძალის ლოდინი – აზრს მოკლებულია. ჩვენ ვკვდებით, აგონიაში ვართ…
მე პროფესიით რეანიმატოლოგი გახლავართ და კარგად ვიცი, კვდომის პროცესი შეიძლება გაიწელოს. ტვინის უჯრედები კვდება, ქსოვილებში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება, მაგრამ თუ ორგანიზმი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, გული მაინც ფეთქავს… მოხარშული ხახვივით – არც გემო, არც რაიმე ფუნქცია, მხოლოდ დევხარ და ხარ რა…
დაბოლოს! ქვეყანაში სრული ნიჰილიზმია და უძლურება – ქართველებს დამბლა დაგვეცა. დახმარება გარედან თუ მოვა… ვისაც ჩვენი სიკვდილი არ გინდათ, დაგვეხმარეთ, გვიშველეთ, ოღონდ დროზე!
ჩვენ უკვე სულს ვღაფავთ… მეტი რაღა?!…

ზურა ოდილავაძე

ფაქტები.ჯი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია