რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს
გარეთ ქვეყნის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. პუტინის
მიერ დამტკიცებული დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის
ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის
ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და
ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და
ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება
იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთსა და მოლდოვას,
ამ ქვეყნებთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება აღნიშნულ
ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა - ნათქვამია
კონცეფციაში.
„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მხარს
უჭერს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვასა
და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში “, - ვკითხულობთ
კონცეფციის ტექსტში.