ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture მობილობის გრანტების მეორე კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხატვრებსა და კულტურის ყველა სფეროს პროფესიონალებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები ან კანონიერი რეზიდენტები არიან.
გრანტები განკუთვნილია ინტერნატურისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა იმ სახის საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კულტურათაშორის დიალოგს.
საკონკურსო დაფინანსება მოკლევადიანი მობილობისთვის (7-10 კალენდარული დღე) 1,500-მდე ევროს შეადგენს, საშუალოვადიანი მობილობისთვის (5 კვირამდე პერიოდი) — 3,500-მდე ევროს, გრძელვადიანი მობილობისთვის (12 კვირამდე პერიოდი) — 5,000-მდე ევროს, ხოლო ვირტუალური მობილობისთვის (იგულისხმება არა მოგზაურობა, არამედ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) — 1,000-მდე ევროს.
მობილობის პროექტების განხორციელება 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.
კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო ფორმის გამოყენებით უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა და დაურთონ ბიუჯეტი საერთაშორისო მობილობისთვის. ამის შემდეგ კი აპლიკანტებმა განაცხადი კონკურსზე გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა შეიტანონ.
განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.
პროექტს, EU4Culture გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie) ახორციელებენ. 2022-2024 წლების განმავლობაში პროექტი მობილობის გრანტებზე მთლიანობაში ექვს კონკურსს გამოაცხადებს და 250-მდე ინდივიდუალურ გრანტს გასცემს.