ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დღეს გაიხსნა კინოთეატრ "საქართველოში". ფესტივალი წელს მეორედ იმართება.
24-დან 29 სექტემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ქართული და უცხოური ფილმების ნახვა. გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მოეწყობა ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და მასტერ-კლასები.
ფესტივალის მთავარი პრიზია "ოქროს დინოზავრი".
"წელს მეორედ ტარდება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ქუთაისი ქართული კინოს აკვანია და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აქ დაფუძნდა ეს ფესტივალი. კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ამ ფესტივალზე და ორგანიზატორები ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ. 29 სექტემბერს კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს და "ოქროს დინოზავრს" ახალი მფლობელი ეყოლება. წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ვუსურვებ ფესტივალის ყველა მონაწილეს!"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალი მიხეილ კობახიძის ფილმით "ქორწილი" გაიხსნა.
საფესტივალო ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.