საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის სერიოზული გამოვლინებაც ე.წ. ქუჩური გარჩევებია.
"მათი სიხშირე და მძიმე შედეგები უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, რომლების არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება დანაშაულებრივ ქმედებაში.
"კრიმინალური მენტალიტეტის წინაღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ასეთ გარჩევებს უკავშირდება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ქუჩური გარჩევების" კრიმინალიზების შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა.
გახარიას თქმით, მათ უკვე გაამკაცრეს კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი. ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრება შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივაა. ის ითვალიწინებს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას, ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებასა ან მასში მონაწილეობას.