სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდის პროფსასწავლებელი - ვის სურს მისი აღდგენა ყოფილი კოლეჯის შენობაში

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019
კომპანია „m²“, რომელსაც დადიანების ეზოს სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობა სურს , ვალდებულებაში იღებს პროფესიული სასწავლებლის რეკონსტრუქციას. კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, უნდათ ისეთი სასწავლებლის გახსნა, რომლის კურსდამთავრებულებიც ტურიზმის სფეროში მუშაობას შეძლებენ:

„რაც შეეხება კოლეჯს, „m²“-ს ამ მხრივ გამოცდილება აქვს. ჩვენ დეკემბერში ზესტაფონში გავხსენით სამშენებლო კოლეჯი, რომელიც წლის განმავლობაში 600 სპეციალისტს მოგვიმზადებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენს პროექტებში დავასაქმებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია არის აქტიური ტურიზმის მიმართულებით, ანალოგიური კოლეჯი გვჭირდება სწორედ ტურიზმის სფეროს პერსონალის მოსამზადებლად“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკება განათლების სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ კოლეჯი გაიხსნას ადრე არსებული სასწავლებლის ბაზაზე.

თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია აცხადებს, რომ ჯერჯერობით კონსულტაცია ამ საკითხზე არ დასრულებულა. აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტორს ყოფილი კოლეჯის შენობა არ გადაეცემა საკუთრებაში, და საუბარია მხოლოდ რეკონსტრუქციაზე. ასევე სწავლის პროცესის ხელმძღვანელობაზე.

„ეს არის მათი მოსაზრება და ამას ჩვენი მოსაზრებაც ემთხვევა. ჩვენთან არის პროფესიული სასწავლებლის მწვავე დეფიციტი, მეტადრე სასტუმროს და ტურიზმის სფეროში მომსახურების თვალსაზრისით. აქ საუბარია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ობიექტი განისაზღვრება. არის მოსაზრება ამ ტექნიკუმზე, რადგან არსებობს ისტორიული გამოცდილება. ეს არ არის ჯერ დეტალურად გადაწყვეტილი“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია წინააღმდეგია ზუგდიდის ყოფილი კოლეჯის შენობა სარეკონსტრუქციოდ კომპანია „m2-ს“ გადაეცეს. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ყოფილი პროფსასწავლებლის შენობა თავის მხრივ, როგორც ცალკე ობიექტი, არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი და არ უნდა მოხდეს მისი გაერთიანება სხვა პროექტის, მათ შორის სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის პაკეტში.

„შონიას ტექნიკუმი არანაკლებ მიმზიდველია საინვესტიციოდ და ამის დახურდავება და ასე ვთქვათ, მისი ხურდად გადაცემა, კომპანია „m2-ისთვის" იქნება მიუღებელი. ამიტომაც, ამ საკითხში ვიქნები კატეგორიული“, - განაცხადა ბათლომე შელიამ, სამხარეო ადმინისტრაციაში სასტუმროს მშენებლობის შესახებ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მის მოსზრებას არ იზიარებს საინიციატივო ჯგუფის „ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისთვის“ ხელმძღვანელი და კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, იზოლდა ხასია. მისი სიტყვებით, როგორც იქნა რეგიონს ეღირსა პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას გადაწყვეტს:

„ეს არის ზუსტად სახელმწიფოს ხედვა - ეკონომიკისა და პროფესიული განათლების კავშირი ერთმანეთთან და ეკონომიკური დოვლათის შექმნა. პროფესიული განათლება აუცილებელია და ტურიზმიც ვერ განვითარდება, არც სასტუმრო-სახლები აშენდება, თუ ჩვენ პროფესიონალი სპეციალისტები არ გვეყოლება. ძლივს ეღირსა ჩვენს რეგიონს იმ დიდი სატკივარის გადაწყვეტა, რომელსაც პროფესიული სასწავლებლის დაფუძნება-აღდგენა ჰქვია“, - განაცხადა იზოლდა ხასიამ.

ზუგდიდში პროფესიული საწავლებლის მშენებლობაზე განცხადება განათლების მინისტრმაც გააკეთა 4 თებერვალს. მიხეილ ბატიაშვილის სიტყვებით, ეს იქნება სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი.

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი 2009 წელს გაუქმდა. აქ მოგვაიებით, ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალი განთავსდა, შემდეგ კი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ. მათი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ბინით დააკმაყოფილა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება ალტერნატიულ საცხოვრებელს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია