იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იუნესკოს დასკვნამაც ამხილა ის უმძიმესი და უმართავი პროცესები, რაც გელათის გარშემო ბოლო 3-4 წელი ვითარდება".

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2023

"ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ სიტუაცია სავალალოა.

მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

"დღეს უკვე იუნესკოს დასკვნამაც ამხილა ის უმძიმესი და უმართავი პროცესები, რაც გელათის გარშემო ბოლო 3-4 წელი ვითარდება. ეს დასკვნაც ზედმიწევნით იმეორებს და თანხვედრაშია აქამდე გამოთქმულ ყველა რეკომენდაციასთან და ანგარიშთან. გავეცანი და შემრცხვა, თუ როგორი გულგრილობით მიმდინარეობდა გელათის "გადარჩენის" სამუშაოები. მოცულობითი დოკუმენტიდან გიზიარებთ რამდენიმე წარმოდგენილ მოსაზრებას, რაც ძირითად სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს:

- ძეგლის მართვის კომიტეტი ჯერ კიდევ არ არსებობს. ის უნდა შეიქმნას და გადანაწილდეს საკვანძო როლები და პასუხისმგებლობები.

- უნდა შემუშავდეს პროექტი და გეგმა მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით.

- ნებისმიერი სახის კონსერვაციული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონსერვაციის გეგმის და მუდმივი მონიტორინგის, კვლევების მიხედვით და შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

- მუდმივი კვლევების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემური წარმოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხელმისაწვდომი რესტავრაციის და მონიტორინგის ყველა ეტაპზე.

- უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარგი და სრულყოფილი კომუნიკაცია ყველა მომუშავე ჯგუფს შორის. ერთ სისტემად უნდა იყოს დანახული გელათის სარესტავრაციო სამუშაოები და გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს გუნდური.

- სამუშაოების გაგრძელება არ არის რეკომენდირებული ვიდრე არ მომზადდება შესაბამისი ახალი დოკუმენტაცია შემდგომ დაგეგმილ სამუშაოებზე.

- კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების შეფასებას ხელს უშლის კედლის მხატვრობის პირვანდელი მდომარეობის შესახებ ინფორმაციის არ ქონა, შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობა, ფერწერის მდგომარეობის ანალიზის ნაკლებობა. იუნესკო დარწმუნებით გამოთქვამს შეშფოთებას ჩარევების შერჩეულ მეთოდზე და გამოყენებულ მასალებზე.

- 2021 წლის აგვისტოდან ინფორმაციის გაცვლა საერთოდ აღარ ყოფილა სამინისტროს მხრიდან.

- სამწუხაროდ, 2022 წელს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმირებულობა არ იყო სისტემატიური, რამაც გააჩინა განცდა, რომ მათი ნაწილი ჩამოშორებული იყო პროცესებს. იუნესკო მოუწოდებს სამინისტროს უფრო მეტი დიალოგისკენ მხარეებთან, მათ შორის იუნესკოს ჩართულობით.

- რეკომენდირებულია ქათველი მეცნიერების და კვლევითი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა რესტავრაციის პროექტის შემუშავებაში.

- ტაძრის დასავლეთ მკლავში არსებულ დაზიანებებზე არანაირი სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს ვიდრე არ განხორციელდება გამოკვლევები და არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები ამ სამუშაოებზე დაყრდნობით.

- შეშფოთების საგანს წარმოადგენს კედლის მხატვრობის აღდგენითი სამუშაოების და ტექნიკის ანალიზის არ არსებობა, რათა უფრო ზუსტად შეფასდეს არსებული კონსერვაციის მეთოდოლოგია.

- როგორც ირკვევა, არ არსებობდა ტაძრის კონსერვაციის არანაირი გეგმა, რომელიც მოიცავდა კონსერვაციის სხვადასხვა ასპექტის ერთიანობას... ასეთი გეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია გარემოებების შესაფასებლად, სამუშაოების განსახორციელებლად და, კონსერცავიის დროს, რისკების მართვისას.

- იუნესკოს მისიას ვერ მიეწოდა კედლის მხატვრობის მდგომარეობის დოკუმენტაცია დაზიანებული ფრაგმენტების ამსახველი სრული ფოტო მასალა. ასეთი დოკუმენტაცია კი უმნიშვნელოვანესია სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების ყველა ეტაპზე.

- კედლის მხატვრობაზე ჩატარებული სამუშაოების მეთოდოლოგია არ იყო არსებული ვითარების ადეკვატური და ის არ უნდა გამოყენებულიყო.

- აშკარაა, რომ მთავარი პრობლემა შექმნა არასწორმა გადახურვამ, ჰიდროიზოლაციამ. გამოშრობის პროცესი - ვენტილაცია ვერ წარიმართა[რამაც დააზიანა კედლის მხატვრობა].

- კედლის მხატვრობის მდგომარეობა დრამტულად გაუარესდა, რაც გამოწვეულია ახალი გადახურვით და ჰიდროიზოლაციის ხარვეზით. გამომარილების პროცესმა დააზიანა კედლის მხატვრობის ფენები.

- დაზიანებების შეჩერება გადაუდებელი ჩარევებით განხორციელდა. თუმცა ჩარევები ასეთ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს. ამას სჭირდებოდა დრო. შესაბამისად...ზიანი მიადგა კედლის მხატვრობას.

- იუნესკო გამოდის რეკომენდაციით, ახალი გადახურვის სისტემის და ვენტილაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

- სამინისტრომ უნდა მოამზადოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ გადაუდებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონსერვაციის გეგმა შესაბამისი ტექნიკური მასალების შესაბამისად და წარუდგინოს იუნესკოს განსახილველად ნებისმიერი ახალი სამუშაოს დაწყებამდე", - აცხადებს მეტრეველი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია