"ქართული ოცნება" კიდევ 5 წევრმა დატოვა. პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე "ხალხის ძალას" შეუერთდნენ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.
ასევე მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
ბრიფინგზე სოზარ სუბარმა საზოგადოებას აცნობა, რომ მათი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტ TV" წილის 52 % შეიძინა, რაც მისი თქმით პოლიტიკურ ჯგუფს ხელს შეუწყობს, რომ საზოგადოებამდე სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ.
ქართულ ოცნებას თავდაპირველად სამი დეპუტატი გაემიჯნა, მათი განცხადებით, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან, რასაც ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს ვერ ახერხებდნენ. მათ მალე მეოთხე დეპუტატი შეუერთდა. მათ თავი ანტიდასავლური განცხადებებითა და პრორუსული რიტორიკით გამოიჩინეს.