2021 წლიდან წყლის ტარიფი გაიზრდება და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა.

როგორც ფანგანმა განმარტა, 2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

"ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო ასასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.

2021 წლისთვის ცვლილება შევა "ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება, რაც გამოიწვევს მცირედით საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდას და სერიოზულად შეამცირებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფს", -აღნიშნა ფანგანმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტარიფები 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.